რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემა „ბრენდი საქართველო“ საინტერესო საკითხს მიეძღვნა - როგორ იყო დატანილი საქართველო, მისი ქალაქები, ძველ ევროპულ რუკებზე.

გადაცემის სტუმარმა ძველი ევროპული რუკების მკვლევარმა, „მაპპა კარტოგრაფიკას“ გენერალურმა დირექტორმა სულხან სალაძემ ისაუბრა, რომ ევროპული კარტოგრაფია ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნიდან ჩნდება, თუმცა იმდროინდელი ორიგინალი რუკები შემორჩენილი არ არის. რაც შეეხება საქართველოს, სალაძის თქმით, ჩვენი ქვეყანა იმ წამსვე გაჩნდა ევროპულ კარტოგრაფიაზე, როცა ევროპული რუკები შეიქმნა.

„ევროპული კარტოგრაფიის განვითარების ყველა ეტაპზე საქართველო, ან საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები, სიმბოლოები ან სხვა ნიშნები გამოყენებულია ევროპულ რუკებზე. ცხადია, მაშინ არ იყო აღნიშნული სახელწოდება საქართველო. ანტიკური თემატიკის პერიოდის კარტოგრაფიაში ეს არის კოლხეთი, იბერია, შემდეგ შემოდის ჯორჯია, ეს ჯორჯია ქვემოთ იშლება - სამეგრელო, ქართლი, კახეთი, გურია, აფხაზეთი. ცოტა მოგვიანებით ჩნდება ისეთი მხარეები, როგორიცაა რაჭა, აჭარა, თუშეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთავარი ამბავი არის ის, რომ რა წამსაც ჩნდება ევროპული კარტოგრაფია, იმ წამსვე ჩნდება იქ საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები.

საგამოფენო სივრცე, რომელიც „მაპპა კარტოგრაფიკას“ გააჩნია, კოლექცია, რომელიც ჩვენთან არის და რომელშიც შედის არა მხოლოდ რუკები, არამედ ძველი ევროპული წიგნები, გრავიურები, ლითოგრაფია, ფოკუსირებულია საქართველოზე“, - აცხადებს სულხან სალაძე.

მისივე განმარტებით, უძველეს ევროპულ რუკებზე საქართველო არა უბრალოდ აღნიშნულია, როგორც რაღაც ადგილი, არამედ ქვეყანას უძველესი დროიდან ძალიან კარგად იცნობდნენ. ამასთან, რაც დრო გადიოდა, საქართველოს შესახებ ცოდნა სულ უფრო იზრდებოდა.

„საინტერესო ის არის, რომ როცა ვლაპარაკობთ ევროპულ რუკებზე, საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ, ძველი კარტოგრაფიის მხოლოდ მომხმარებელი იყო, ჩვენ ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი მის განვითარებაში და ეს არ არის პატარა ამბავი“, - ამბობს სულხან სალაძე.