ეროვნული საგამოცდო პროგრამიდან ნაწარმოებების ამოღებას საეჭვოს უწოდებს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე. ის ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ საგამოცდო პროგრამა ეროვნული სასწავლო პროგრამისგან უნდა განსხვავდებოდეს, თუმცა საქართველოში განათლების სისტემის ყველა სუბიექტს სწორება სწორედ გამოცდების შინაარსზე აქვს. შალვა ტაბატაძეს საგამოცდო პროგრამის შედგენის პროცესთან დაკავშირებით ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოაჩინა, რომ 2024 წლის საგამოცდო პროგრამა გამოცდების ცენტრმა შეცვალა და მის ნაცვლად 2025 წლის პროგრამა ატვირთა.

,,წესით, გამოცდების ცენტრის მიერ შედგენილი პროგრამა არ უნდა იყოს დაკავშირებული იმასთან რაც ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმითა და სახელმძღვანელოებით. თუმცა ჩვენს რეალობაში ვითარება ცოტა განსხვავებულია. გამოცდები და ჩამოყალიბებული საგამოცდო პროგრამა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თუ რას სწავლობენ მოსწავლეები, რადგან სკოლა და რეპეტიტორები ხდებიან ორიენტირებულები საგამოცდო პროგრამაზე. თეორიულად, თითქოს არაფერი მომხდარა, იმიტომ რომ ეროვნული სასწავლო გეგმა სხვა არის და გამოცდების სტანდარტი სხვა, ეს ჩვენს რეალობაში ასე არ არის. ამას რეალურად აქვს გავლენა თუ რას და როგორ ისწავლიან მოსწავლეები. ზოგადად საგამოცდო პროგრამის განახლება უნდა ხდებოდეს. ეს პრობლემა არ არის, თუმცა აქ არის რამდენად დამთხვევაა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწარმოებები ილიასი, აკაკისი და ვაჟასი უცებ არ გახდა ამ პროგრამის ნაწილი. იდევ ერთი ფაქტი, რომელმაც ჩემთვის საეჭვო გახდა ეს პროცესი იყო ის, რომ 2024 წლის პროგრამის ნაწილში, რომ შევედი იქ ატვირთული ჰქონდათ 2025 წლის პროგრამა. ამიტომ გადავამოწმე 24 წლის აბიტურიენტების კრებულში, სადაც შეტანილია ეს ნაწარმოებები. რატომ გახდა საჭირო 24 წლის პროგრამაში 25 წლის ატვირთვა თუ ეს ჩვეულებრივი პროცედურაა? გარკვეული ეჭვები არსებობს პროგრამიდან რაღაცების ამოღების.’’- აცხადებს შალვა ტაბატაძე.

ექსპერტი განმარტავს, რომ საგამოცდო პროგრამიდან მოღებული ნაწარმოებები მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველჰყოფს. მისი თქმით, დამამთავრებელ კლასებში სკოლა, რეპეტიტორები და აბიტურიენტები ყურადღებას საგამოცდო საკითხების შესწავლას უთმობენ, სწორედ ამიტომ ამოღებულ ნაწარმოებებზე ფოკუსირება აღარ მოხდება.

,,დღეს ყველამ ვიცით, რომ მე-11, მე-12 კლასებში რამის სწავლა არ ხდება, რადგან სკოლაც და მოსწავლეც ორიენტირებულია იმ საკითხებზე, რომელიც მისაღებ გამოცდებზეა. ერთი შეხედვით, თითქოს უმტკივნეულო უნდა იყოს, რადგან შეიძლება ეროვნული გამოცდა ისე დაგეგმო, რომ კომპეტენციები შეამოწმო. მოსწავლეები სწავლობენ ზუსტად იმ შინაარსს, რომელიც არის გამოცდების პროგრამაში. ეს რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს რამდენად ფოკუსირდებიან მასწავლებლები, სკოლები, რეპეტიტორები თუ მოსწავლეები იმ შინაარსზე რაც არის აქ. ამის დადასტურება რომ მიზანმიმართულად გაკეთდა რთულია, მაგრამ არსებობს ეჭვები რატომ მოხდა ამისი შეცვლა ამ ფორმით და ასეთი ნაწარმოებების ამოღება. ეს აისახება იმ კრიტიკულ აზროვნებაზე, რომელიც შეიძლება მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს. იმ ღირებულებით სისტემაზე, რომლის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ეს არის ნაწარმოებები, რომელთა ცოდნა, განხილვა, ანალიზი და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი.’’- აცხადებს შალვა ტაბატაძე.