„ჩვენ ბანკებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ პოლიტიკით და იდუმალი კაბინეტებიდან უკანონო გადაწყვეტილებებით, ვერასდროს ვერ მივლენ საერთაშორისო სტანდარტებამდე. პრობლემის მოგვარების გზა პრობლემის სამართლებრივი რეგულაცია და შრომაა და არა ანგარიშების დახურვა“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ იურისტმა ირაკლი ღლონტმა კომერციული ბანკების მხრიდან ანგარიშების უსაფუძვლო დახურვის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის და მისი იურისტები კვლავ გააგრძელებენ სარჩელების მომზადებას, ბანკებს მოსვენებას არ მისცემენ, ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ, გაზრდიან სასარჩელო მოთხოვნებს, კომერციულ ბანკებს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოექმნებათ და საჭიროების შემთხვევაში არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების სისტემაში, ევროსასამართლოშიც იასპარეზებენ.
ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ ბოლო დროს ქართულ საბანკო სივრცეში აქტიურად დგას ანგარიშებისა და აქტივების დაბლოკვის პრობლემა. ეს ეხება, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხოეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშებს, რომელთა დაბლოკვაც ბანკების მხრიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად ხდება.
„დიახ, ეს არის პრობლემა, კომერციული ბანკები ახდენენ კანონის გვერდის ავლას. მიუხედავად იმისა, რომ კომერციულ ბანკებს პატივს ვცემ, როგორც საფინანსო კომერციულ სექტორს, მათ მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი. მათ აქვთ დეპარტამენტი, რომელიც მისთვის საეჭვო ოპერაციას თუ დაინახავს, მარტივად იღებს ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილებას. „აშავებენ“ მიუხედავად იმისა, რომ კლიენტს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება ბანკთან, ჰქონდა სესხები და კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს. „გაშავება“ გულისხმობს იმას, რომ ხდება ანგარიშების დახურვა, ბანკი იყენებს ტერმინ „დაბლოკვას“, მე ამას პირის „პერსონა ნონ გრანტად“ გამოცხადებას ვეძახი.
IML დეპარტამენტი ნახავს, რომ რაღაც ტრანზაქცია განხორციელდა და ჩათვლის საეჭვოდ. თავს არ იწუხებს, რომ უფრო მეტი და შრომატევადი სამუშაო გასწიოს, შეისწავლოს, რისკის დონე მიუთითოს, რასაც მას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს. ამას არ აკეთებს და პირდაპირ ეუბნება კლიენტს: „შენ ხარ ჩემთვის მიუღებელი კლიენტი, სულად არ მაინტერესებს შენი სტატუსი და საჭიროება.“ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ყველა ბანკი ასე იქცევა“, - აცხადებს ირაკლი ღლონტი.
ის კონკრეტულ ბანკებს არ ასახელებ, რადგან იმედი აქვს, რომ დღეს თუ არა ხვალ მათთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეძლებენ და როგორც „კომერსანტის“ ეთერში ამბობს ცდილობს, რომ მათი რეპუტაცია არ დააზიანოს.
ამის შემდეგ, IML დეპარტამენტის ეჭვებს კონკრეტული ოფიცერი, ან პირადი ბანკირი ელექტრონულ კლიენტს ფოსტაზე კითხვარის სახით უგზავნის.
„ასეთი კითხვარის გადაგზავნა არის ფორმალური. მოსახლეობას ვაფრთხილებ, თუ ასეთი კითხვარი მიიღეთ, ბანკის მიერ პრაქტიკულად „შავ სიაში“ ხართ მოქცეული. იურიდიული გაგებით ეს ოფიციალური „შავი სია“ არ არის. თუმცა, შედეგი იგივეა. დამთავრებულია თქვენთვის საბანკო სერვისებთან წვდომა. რაც არ უნდა პასუხი გასცეთ, 95%-ით კონკრეტული მოქალაქე არის „გაშავებული“ და „პერსონა ნონ გრანტად“ გამოცხადებული“, - აცხადებს ირაკლი ღლონტი.
ამის შემდეგ იურისტი ბანკს მიმართავს, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები, მიზეზი, რის გამო წყდება კლიენტსა და ბანკს შორის არსებული მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა და რატომ უხურავენ ანგარიშებს. როგორც ირაკლი ღლონტი ამბობს, ამ კითხვებზე ყველა წამყვანი ბანკისგან აქვთ შაბლონური პასუხი.
„ძალიან ცინიკურად გამოსდით. გვპასუხობენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ბანკის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე. ვცდილობ ავუხსნა, რომ ბანკის შიდა პოლიტიკა არის მათ შიდა პოლიტიკური აქტი, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ბანკის თანამშრომლები. ჩემთვის მოქალაქისა და იურისტისთვის საერთოდ არაა საინტერესო ბანკის შიდა პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონმდებლობით“, - აცხადებს ირაკლი ღლონტი.
ნინო ლიპარტიას კითხვაზე, რის საფუძველზე იღებს კომერციული ბანკის კონკრეტული დეპარტამენტი ანგარიშების დახურვის გადაწყვეტილებას, ირაკლი ღლონტი პასუხობს, რომ „საფუძველი არის იდუმალ კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილება“.
„მე როგორც პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, ამ დეპარტამენტზე ნაკლებად არ ვზრუნავ და ვფიქრობ იმ საფრთხეებზე, როგორც არის ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ ადეკვატურობა. მოდი, დაიბარე შენი კლიენტი, გაესაუბრე, ჰკითხე, მასალები გამოართვი, შეისწავლო, გაქვს უფლებამოსილება მიმართო საზედამხედველო ორგანოს, გყავს მაღალი ლეგიტიმაციის ძლიერი ინსტიტუცია - ეროვნული ბანკი, სადაც პროფესიონალები მუშაობენ, მიმართე, ჰკითხე მოსაზრება, არსებობს პროკურატურა, შსს. მაშინ, როცა ბევრის საერთაშორისო ავტორიტეტული ბანკი, რომელთანაც საკორესპონდენციო ურთიერთობაშიც იმყოფებიან ჩვენი წამყვანი ბანკები ცნობენ ამ კრიპტოვალუტებით და ვირტუალური აქტივებით საქმიანობას, მეტიც თავიანთ კლიენტებზე სწევენ სხვადასხვა ძალისხმევას, უბრალოდ ეს მეტ ძალისხმევას საჭიროებს, მეტი რისკია, მეტი საფრთხეებია და ამისთვის ჰყავთ შესაბამისი კადრები, მეტად იტვირთავენ თავს. ჩვენ ბანკებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ პოლიტიკით და იდუმალი კაბინეტებიდან უკანონო გადაწყვეტილებებით, ვერასდროს ვერ მივლენ იმ საერთაშორისო სტანდარტებამდე. პრობლემის მოგვარების გზა პრობლემის სამართლებრივი რეგულაცია და შრომაა და არა ანგარიშების დახურვა“, - აცხადებს ირაკლი ღლონტი.
მისი თქმით ქართულ რეალობაში არავის სადავოდ არ გაუხდია ბანკების მხრიდან მსგავსი უკანონო ქმედებები, რომლებიც ანგარიშების და საბანკო სერვისების უკანონოდ დაბლოკვას ეხება.
„დავსხედით და ვიმსჯელეთ, ვცადეთ მაღალი მენეჯმენტის დონეზე ურთიერთობები გაგვერკვია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში წავსულიყავით და ჩვენ ვყოფილიყავით პირველი მერცხლები, ვინც შეიტანდნენ ამ ტიპის დავას. სანამ მივმართავდით სასამართლოს, მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამ საკითხს. 3.5 თვე დაგვჭირდა მოსამზადებლად. გვინდოდა, რაკი პრაქტიკა არ არსებობდა, მაქსიმალურად დახვეწილი ფორმით წარვმდგარიყავით მართლმსაჯულების სისტემის წინაშე. 855 გვერდი იყო პირველი სარჩელი და სარჩელზე დართული მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოში წარვადგინეთ. შეგვხვდა ძალიან ღირსეული და ობიექტური ქალბატონი მოსამართლე ელისო ტუკვაძე. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო, რომ კლიენტს აეკრძალებოდა საბანკო სერვისებთან წვდომის შეზღუდვა და ასევე მოხდებოდა წარსულში აქტიური ანგარიშების აღდგენა-განბლოკვა, ასევე ვითხოვდით SWIFT გადარიცხვების მითითებასაც. ჩვენ ახლა ყველაზე მსხვილი ქართული ბანკების წინააღმდეგ გამოვდივართ და მე ბედნიერი ვარ, რომ არიან სასამართლოში მოსამართლეები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია - სად არის სიმართლე და კანონი. ამის შემდეგ საქმე წარვადგინეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ის პარტნიორულ საწყისებზე საკუთარ თავს ხედავს უფრო კომერციულ ბანკებთან, ვიდრე კანონის აღსრულების მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკების მხრიდან ვართ შეურაცხყოფილები, დაზარალებულები, „გაშავებულები“, ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობას, რომ ბოლომდე არ გადავკვეთოთ ხაზები და აღასრულებენ კანონს.
ჩვენ ისევ ვაგრძელებთ სარჩელების მომზადებას. გარწმუნებთ, ბანკებს მოსვენებას არ მივცემთ, არც ჩვენ მოვისვენებთ. თუ ბანკები კეთილ ნებას არ გამოიჩენენ და სწორად არ დაიწყებენ ნორმების განმარტებას, ჩვენ ზიანის ანაზღაურებასაც დავაყენებთ, გავზრდით ჩვენს სასარჩელო მოთხოვნებს და მერწმუნეთ, კომერციულ ბანკებს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოექმნებათ და ჩვენ არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების სისტემაში, ევროსასამართლოშიც ვიასპარეზებთ. ამის რესურსები არსებობს,“ - აცხადებს ირაკლი ღლონტი.