საქართველოს სამუშაო ბაზარზე სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტი ნარჩუნდება. პროფესიული კოლეჯი ,,სპექტრის” დირექტორი მათე ტაკიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სექტორი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მუშა ხელის ნაკლებობას განიცდის. პრობლემაზე აქტიურად საუბრობენ ამ სექტორში მომუშავე ბიზნესებიც. კოლეჯმა ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე საჩხერეში ახალი ფილიალის გახსნა გადაწყვიტა. სასწავლო პროცესი აპრილში დაიწყება და 80 კაციანი პირველი ნაკადი განათლების მიღებას დაიწყებს.  

,,მოთხოვნიდან გამომდინარე ფილიალი გავხსენით საჩხერეში და უკვე ვიწყებთ მიღებას. აპრილიდან პირველ 80 კაცს მივიღებთ. დაახლოებით 90-მდე განაცხადი უკვე მივიღეთ. საუბარია სამთვიან მომზადება-გადამზადების პროგრამაზე, რომელსაც წელიწადში მინიმუმ სამჯერ განვახორციელებთ. პირველ ეტაპზე წარმოდგენილია შედუღების, დურგლის, ავეჯის კონსტრუქტორის და ხის მხატვრული კვეთის მიმართულებები. თუმცა, მოთხოვნილება იზრდება რკინა-ბეტონის მიმართულებასა და ტოპოგრაფიაზე. შესაბამისად, ეტაპობრივად დავამატებთ სხვა პროფესიებსაც. საჩხერეში შევხვდით ბიზნესს, მოსახლეობას და სკოლებს. ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობაც. გამოიკვეთა საჭიროებები, რომელთა მიხედვითაც გავაკეთეთ მოკლევადიანი პროგრამები. ადგილზე არიან კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე ადამიანები. ამიტომ, მათ არ გაუჭირდებათ დასაქმება, თუნდაც ადგილზე.’’- აცხადებს მათე ტაკიძე.

პროფესიული კოლეჯი ,,სპექტრის” დირექტორი აღნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია. მათე ტაკიძე იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც კოლეჯების პოპულარიზაცია გაზარდა. 

,,რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია ეს. პირველი ის, რომ ბიზნესში კადრების დეფიციტია და მათ სჭირდებათ საკმაოდ ბევრი კვალიფიციური კადრი. მეორე, ჩატარდა რამდენიმე რეფორმა პროფესიული განათლების მიმართულებით. მოსწავლეებს შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში პარალელურად ისწავლონ პროფესიულ სასწავლებლებში. მათ შეუძლიათ მიიღონ საშუალო განათლების ატესტატი და ამავე დროულად პროფესიას დაეუფლონ. მნიშვნელოვანი რეფორმაა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები, სადაც ძალიან გაზრდილია მოთხოვნა. ყველა ამ ფაქტორმა ერთობლივად საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მომხდარიყო. პროფესიული განათლების სისტემის მთავარი ინდიკატორი გახლავთ თუ რამდენად არის მოთხოვნა ბიზნესიდან დასაქმების მიმართულებით. როცა ამაში ბიზნესი ჩართულია და მათი მხრიდან მოთხოვნა მაღალია, რა თქმა უნდა, მომართვიანობა იზრდება. პრაგმატიზმი გაიზარდა საქართველოში. იყო წლები, როდესაც ტრენდი იყო მხოლოდ აკადემიური განათლება. თუმცა, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათია. პროფესიული განათლება არის მოკლე გზა მიიღო პროფესია, დასაქმდე კვალიფიციურად და გქონდეს სოლიდური ანაზღაურება.’’- აცხადებს მათე ტაკიძე.