პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს - "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით განიმარტება უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები. ასევე, წესრიგდება შემდეგი საკითხები: სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
"მნიშვნელოვანია, გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ბერკეტები, როგორც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, რომ მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული ეფექტიანი მექანიზმებით, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხსაც გვაქვს არანაკლებ იმისი უფლება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს გარანტირებული. ამიტომ, "ქართული ოცნების" გუნდის გადაწყვეტილებით და ფრაქციის ინიციატივით დაინიცირებულია ამერიკული კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ე. წ. FARA-ს ზუსტი, სიტყვა-სიტყვით თარგმანი“, - განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ქართული რეალობიდან გამომდინარე, კანონის აღმასრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო იქნება.