„არ გამოვრიცხავ, რომ შემდგომში ფონური მდგომარეობა შეიცვალოს და უფრო მეტი სახლი გვქონდეს ისეთი, სადაც ცხოვრება საშიშია“, - ამის შესახებ „სენის“ პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ გურიაში სტიქიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ეკომიგრანტების ტალღა, ყოველთვის მსგავს პროცესებს უკავშირდებოდა, თუმცა ახლა გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

“ზოგადად, საქართველოში ეკომიგრანტების რაოდენობის ზრდა ყოველთვის სწორედ ასეთი პროცესებით იყო გამოწვეული, რასაც ახლა ვხედავთ. მათ შორის, იყო დაგვიანებული რეაგირება, ეს ანომალიური მოვლენები, თოვლის სახით და ა.შ. მერე უკვე შემდეგი ტალღები იყო მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე, ეს დინამიკა უარესდებოდა და დღეს გაცილებით რული მდგომარეობაა, ვიდრე მეოცე საუკუნის ბოლოს ან ბოლო ათწლეულებში. ასე რომ, ეკომიგრანტების პრობლემა აქედანაც მოდის.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, გამოიკვეთოს ის სახლები, სადაც ცხოვრება წარმოადგენს საფრთხეს და ასევე, დასახლებები, სადაც რისკის ზონა იმდენად მაღალია, რომ მისი შემცირება შეუძლებელია და პირიქით, პროცესი შეუქცევადია უკვე. ან იმდენად ძვირი ჯდება რისკის შემცირება, უმჯობესია, ადამიანები გაასახლო. არ გამოვრიცხავ, რომ შემდგომში ფონური მდგომარეობა შეიცვალოს და უფრო მეტი სახლი გვქონდეს ისეთი, სადაც ცხოვრება საშიშია და საფრთხის ხარისხიც შეიცვალოს. როგორც წესი, სახელმწიფო საზღვრავს: მაღალი საშუალო და დაბალი ხარისხის საფრთხეებს. შესაძლოა, აქ მივიღოთ გარკვეული ცვლილებები და სადაც მაღალი რისკია, მოსახლეობის გასახლების საჭიროება დაგდეს, რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამისთვის მზად უნდა იყოს სახელმწიფო. ამასთანავე, სადაც საშუალო იყო საფრთხე, შესაძლოა უცებ დამძიმდეს“,- ამბობს რეზო გეთიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გურიასა და აჭარაში დიდმა თოვლმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. გარე სამყაროს მოწყდა მაღალმთიანი სოფლები, ჩამოინგრა სახლები, ელექტროენერგიის, ასევე წყლის მიწოდება შეწყდა. გზების გაწმენდა კი ვერ მოხერხდა. შედეგად, ოჯახებს საკვები და მედიკამენტებიც კი გამოელიათ. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი.

www.bpn.ge