მთავრობა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. კონკრეტულად რა შეიცვლება და როგორ შეეცდება ხელისუფლება გაზრდილ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პირდაპი განაცხადა, რომ დაახლოებით 2 თვეში ქვეყანა თავის პოლიტიკას გადახედავს მიგრაციული კუთხი მიდგომას გაამკაცრება.
საქართველოში წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთშისამუშაოს შოვნის, განათლების მისაღებად ან რაიმე სხვა მიზეზით გადიან, ხოლო უკან დაბრუნება თითქმის არავის სურს. ამასობაში მათ ადგილს უცხოელები იკავებენ, რაც დროთა განმავლობაში ქვეყანას დიდ პრობლემას შეუქმნის.
დემოგრაფები მთავრობის მხრიდან ზომების გატარებაზე საუბრობენ, თუმცა დასძენენ იმასაც, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ, სანამ 2024 წლის აღრიცხვის შედეგები არ გამოქვეყნდება. დემოგრაფ ანზორ სახვაძის თქმით, სასურველია სამთავრობო სტრუქტურაში შეიქმნას შესაბამისი რგოლი, რომელიც დემოგრაფიულ საკითხებზე მუდმივად იმუშავებს.
,,საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, ზომები გასატარებელია და კარგია, რომ მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას გეგმავს, თუმცა კანონში ცვლილებებზე საუბარი ჯერ ადრეა, სანამ 2024 წლის აღწერის შედეგი არ გამოქვეყნდება. თუკი ხელისუფლება ამის საჭიროებას დაინახავს, მერე უკვე შესაბამისი ნაბიჯიც გადაიდგმება. მოსახლეობის საყოველთა აღწერის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ ზუსტად შეიძლება განისაზღვროს, რომელი ქვეყნიდან რამდენია შემოსული, რა ასაკის ადამიანები და მათ შორის რამდენი დასაქმებულია. ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ აღწერის შედეგებს და იმის მიხედვით გამოიკვეთება, რა ზომების გატარება დასჭირდება ხელისუფლებას.
ქვეყანაში ძალით არავინ შემოგვყავს, გამოთავისუფლებულ ადგილას შემოდიან უცხოელები. პირველ რიგში, უნდა ბრუნდებოდეს მკვიდრი მოსახლეობა, მაგრამ ამ მხრივ საკმაოდ რთული ვითარებაა. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლოება ყოველწლიურად იკლებს. ეს პროცესი დაწყებულია 1992 წლის შემდეგ. უამრავი მიზეზი აქვს იმას, რომ რატომ მცირდება ადგილობრივთა რაოდენობა. ჯერ ერთი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოშიც ეკომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამას დამატებული ის შინააშლილობა, რომელიც 90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებობდა - ომები, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. ამას დაემატა ეკონომიკური გაჭირვების გამო, ემიგრაციის გააქტიურება.
მოსახლოების რაოდენობა იცვლება ორი ძირითადი ფაქტორით. ეს არის ბუნებრივი სხვაობა, რომელიც გულისხმობს დაბადებასა და გარდაცვალებათა ბალანსს და მიგრაციული სალდო, ანუ ჩამოსულება და წასულებს შორის სხვაობა“, - აღნიშნა დემოგრაფმა.
სახვაძის თქმით, მნიშვნელოვანია სტატისტიკა ეროვნულ ჭრილში, ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პირადობის მოწმობაში ეროვნების ჩამატება. ამასთან, უნდა შეიქმნას ერთიანი დემოგრაფიული ფონდი, რომლიც მიზანმიმართულ პოლიტიკას გაატარებს.
"მიზანშეწონილად მიმაჩნია აღდგეს პირადობის მოწმობაში ჩანაწერი ეროვნების შესახებ. ჩვენ დღესდღეობით არ გაგვაჩნია მიმდინარე სტატისტიკა ეროვნების მიხედვით, რამდენი ქართველი და არაქართველი დაიბადა, რამდენი დაოჯახდა და ა.შ. თუ გვინდა გავიგოთ კონკრეტულად რამდენი მიდის ქვეყნიდან, დემოგრაფიული მონაცემები უნდა გვქონდეს ეროვნების ჭრილში. ისე გაუგებარი დარჩება ქვეყანაში არსებული ეროვნების მიხედვით მოქალაქეების შემადგენლობის განსაზღვრა. მხოლოდ ამის მიხედვით შეიძლება რეალური დემოგრაფიული სურათის შექმნა.
ამის შემდეგ საჭიროა დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს მატერიალური დახმარებების სისტებასაც და სამედიცინო ასპექტებსაც წამოწევს წინა პლანზე. თანაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა გატარდეს, რომ ეფექტი ჰქონდეს. ამ ფონდში შეიძლება აკუმულირებული იქნას, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები, ისე კერძო შემოწირულობები. ამ პოლიტიკას მთლიანად სახელმწიფო უნდა მართავდეს. ამასთან სასურველია იყოს სამთავრობო სტრუქტურაში შესაბამისი რგოლი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ დემოგრაფიულ საკითხებზე", - დასძინა ანზორ სახვაძემ.
ქვეყნიდან მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით გადის, თუმცა ყველაზე ხშირად რთული სოციალური მდგომარეობის გამო. ამიტომ, როგორც ორგანიზაცია ,,ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად არის ზომები მისაღები.
,,ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა წინა ხელისუფლების დროს შემუშავდა. შემდეგ, როცა ,,ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სცადა გარკვეული ზომები გატარება, მაგრამ რეალურად არაფერი შეუცვლია. შესაბამისად, ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკა დღემდე შემორჩა. პირველ რიგში, შესაცვლელია ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული პირობები, ვინაიდან უცხოელი მუშახელი სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სამუშაოს მაძიებელ ქართველებს და მათ ადგილს იკავებს. ეს ეხება კურიერებს, ტაქსის მძღოლებს და სხვა.
ნებისმიერი კანონმდებლობა უნდა მიიღო იმის მიხედვით, რა საჭიროებებიცაა. თუ ხედავთ, რომ ესა თუ ის მიგრაციული პროცესი აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და პრობლემას უქმნის მოქალაქეებს, ხელისუფლებამაც შესაბამისად უნდა იმოქმედოს. არ ვიცი, რა იგულისხმება მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებაში და რა ზომები გატარდება, მაგრამ ნაბიჯები აუცილეად გადასადგმელია. ნამდვილად რთული დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყანაში, მთელი ევროპა განიცდის დღეს დემოგრაფიულ პრობლემებს და მათ შორის ჩვენს. ათიათასობით ადგილობირივ გადის საქართველოდან და მათ ადგილს უცხო ქვეყნების მოქალაქეები იკავებენ. პრობლემას დროულად თუ არ მიხედავენ, ჩვენ დიდ გასაჭირში აღმოვჩნდებით.
რეგიონში ყველაზე მძიმე მდგომარეობა საქართველოშია, თუკი მეზობელი ქვეყების მოსახლეობა მატულობს, აქ საპირისპირო დინამიკაა, რა მხრივაც ემიგრაცია უარყოფით როლს ასრულებს
მოსახლეობა ინტენსიურად მიდის უცოეთში, რაც ადგილზე მუშახელის დიდ პრობლემას ქმნის. წარმოება, ეკონომიკის რეალური სექტორი ვერ ვითარდება. აქ ბევრი მიზეზია, მარტო სოციალურ-ეკონომიკური საკითხები არ არის. განათლების მიღების მიზნითაც ბევრ გადის, მაგრამ, სამწუხაროდ, უკან დაბრუნების სურვილი იშვიათად უჩნდებათ. რეგიონები ცარიელდება, განსაკუთრებით მთიანი ტერიტორიები, რასაც რეალურად ვეღარაფერს შველი”, - თქვა ზვიად ტომარაძემ.
ჯერ საყოველთაო აღწერის შედეგები ცნობილი არ არის, ამიტომ ზუსტი მონაცემები უცნობია. 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით კი, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
"საქსტატის" ცნობით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ.
2023 წელს იმიგრანტები 44.6 პროცენტი, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.