„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისია განიხილავს, როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას სატელიტური კავშირის უზრუნველყოფაში. ეს მას შემდეგ ხდება, რაც გავრცელდა ინფორმაცია ილონ მასკის მიერ უკრაინისთვის Starlink-ის ქსელზე წვდომის შესაძლო შეწყვეტის შესახებ.
ევროკომისიის წარმომადგენელმა, თომას რეგნიერმა განაცხადა, რომ უკრაინა დაინტერესდა ევროკავშირის სახელმწიფო სატელიტური ქსელის (Govsatcom) გამოყენებით, ასევე IRIS² სისტემით – ეს არის ახალი თანავარსკვლავედი, რომელიც მხოლოდ 2030-იან წლებში უნდა ამოქმედდეს.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა ევროკავშირს წერილობით მიმართა და მოუწოდა, სასწრაფოდ მოძებნოს ალტერნატიული სატელიტური შესაძლებლობები უკრაინისთვის.
ერთ-ერთი შესაძლებლობაა Govsatcom-ის დაჩქარებული დანერგვაა, ვიდრე IRIS² შეიქმნება.
გასულ წელს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში Starlink-ის დაახლოებით 42 000 ტერმინალი მუშაობს. მათგან დაახლოებით ნახევარს პოლონეთი აფინანსებს.