აშშ-სთან ტექნოლოგიური კონკურენციის გაღრმავების ფონზე, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ექსპორტის კონტროლის გამკაცრებასა და სტრატეგიული ტექნოლოგიების ქვეყნის შიგნით შენარჩუნებას გეგმავს.

ახალი რეგულაციების პროექტის მიხედვით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება უცხოელი მომხმარებლებისთვის ჩინური ციფრული სერვისების მიწოდება და უცხოური კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელების, მონაცემებისა თუ ტექნოლოგიური ცოდნის პირდაპირ გადაცემა.

შესაბამისად, უცხოელ მომხმარებლებს ჩინურ AI-სისტემებზე წვდომა ვებგვერდებისა და ღრუბლოვანი პლატფორმების საშუალებით კვლავ შეეძლებათ, თუმცა ტექნოლოგიების საზღვარგარეთ გატანა ან უცხოეთში განთავსება მთავრობის წინასწარ ნებართვას დაექვემდებარება.

საკონსულტაციო კომპანია Ankura-ს მმართველი დირექტორის, ალფრედო მონტუფარ-ჰელუს შეფასებით, ინტელექტუალური საკუთრების ქვეყნის შიგნით შენარჩუნება და მომსახურების უცხოელ მომხმარებლებზე გაყიდვა ის ბიზნესმოდელია, რომლისკენაც ბაზარი ისედაც ვითარდება.

რეგულაციების პროექტი საექსპორტო კონტროლის სიაში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული 23 ტექნოლოგიის დამატებას ითვალისწინებს. შეზღუდვები გავრცელდება მოწინავე AI-მოდელებზე, ადამიანის მინიმალური ჩარევით მოქმედ აგენტებზე, მიკროჩიპების დაპროექტების სისტემებსა და მასშტაბური გამოთვლითი ინფრასტრუქტურის მართვის ტექნოლოგიებზე.

ახალი წესები განსაკუთრებით შეეხება იმ დეველოპერებს, რომლებიც სამუშაო პროცესში საზღვარგარეთ განთავსებულ გამოთვლით რესურსებს იყენებენ. უცხოური სერვერები მათ იმ მძლავრ ჩიპებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს, რომელთა ჩინეთში მიწოდებაც აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვებით არის გართულებული.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლება ახალი რეგულაციების დამტკიცებას წლის ბოლომდე გეგმავს. მოგვიანებით კი მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ დამატებითი სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნდება.