ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად შვიდი კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციამ წევრი სახელმწიფოების მიერ ნომინირებული პირების სია უკვე გამოაქვეყნა. ახალი ხელმძღვანელი პოსტს 2027 წლის 16 აგვისტოდან დაიკავებს, მას შემდეგ, რაც მოქმედ გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს, მეორე და საბოლოო ხუთწლიანი ვადა ამოეწურება.

WHO-ს ხელმძღვანელის არჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი საჯარო ფორუმი 2026 წლის 18-19 ნოემბერს ჟენევაში, ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართება. კანდიდატები წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებენ და საკუთარ ხედვებს წარადგენენ.

2027 წლის დასაწყისში ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტი ხუთ კანდიდატს შეარჩევს. გასაუბრებების შემდეგ კი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმუმ სამი კანდიდატურა გადაეცემა. გენერალური დირექტორის არჩევნები 2027 წლის მაისში, მსოფლიო ჯანდაცვის 80-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

ვინ არიან WHO-ს ხელმძღვანელობის კანდიდატები

კანდიდატებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ჯანდაცვის მინისტრები, საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტები და თავად ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

კატარის მიერ წარდგენილი კანდიდატია ჰანან მოჰამედ ალ-კუვარი, რომელიც 2016-2024 წლებში ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. პარალელურად, იგი კატარის უმსხვილეს სამედიცინო დაწესებულებას, Hamad Medical Corporation-ს ხელმძღვანელობდა. ამჟამად ალ-კუვარი პრემიერ-მინისტრის მრჩეველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. 2023-2024 წლებში კი WHO-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

საუდის არაბეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელად ჰანან ბალხის კანდიდატურას უჭერს მხარს. იგი პედიატრიულ ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტია და 2024 წლის თებერვლიდან WHO-ს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონულ დირექტორად მუშაობს. მანამდე ბალხი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე იყო და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე მუშაობდა. მისი ძირითადი პრიორიტეტებია WHO-ს მიმართ ნდობის გაძლიერება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გაუმჯობესება.

ბელგიის კანდიდატი ჰანს ჰენრი კლუგეა, რომელიც 2020 წლიდან WHO-ს ევროპის რეგიონულ ბიუროს ხელმძღვანელობს. მისი საქმიანობა მოიცავდა ორგანიზაციის 53 წევრ ქვეყანაში ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობას, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი. კლუგეს WHO-ს სისტემაში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში იგი, მათ შორის, „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ (MSF) ეგიდით სომალიში, ლიბერიასა და ციმბირში მუშაობდა.

ესპანეთის სახელით გენერალური დირექტორის პოსტზე მარია ნეირა იბრძოლებს. იგი 2005 წლიდან WHO-ს გარემოს, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მანამდე ნეირა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანმრთელობასა და დაავადებების პრევენციაა.

ინდონეზიამ კანდიდატად ქვეყნის მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი ბუდი გუნადი სადიკინი წარადგინა. სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით, მას სამედიცინო განათლება არ აქვს — სადიკინი ფიზიკოს-ინჟინერია და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ჯანდაცვის მინისტრის რანგში მან ქვეყნის COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს უხელმძღვანელა და ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმა გაატარა. მისი პროგრამა განვითარებადი ქვეყნების ინტერესების დაცვასა და ორგანიზაციის მართვის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული.

ჩინეთის კანდიდატია ლი სუნგი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულების სპეციალისტი. იგი სრულიად ჩინეთის ქალთა ფედერაციის მდივანია, მანამდე კი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

შვიდეულს სომეხი პედიატრი-ონკოლოგი გევორგ თამამიანი ასრულებს, რომლის კანდიდატურაც ბოცვანამ წარადგინა. ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, 39 წლის თამამიანი კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. იგი ხელმძღვანელობს აზიის პედიატრიული ონკოლოგიის საზოგადოებასა და 28 ქვეყნის გამაერთიანებელ პროფესიულ ჯგუფს POEM-ს.

თამამიანის კანდიდატურამ ყურადღება იმითაც მიიპყრო, რომ იგი არც ნომინატორი ქვეყნის წარმომადგენელია და არც აფრიკული სახელმწიფოს მოქალაქე. თავად ექიმის პოზიციით, გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შერჩევისას გადამწყვეტი პროფესიული კომპეტენცია უნდა იყოს და არა კანდიდატის ეროვნება.