ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან, - ამის შესახებ მსახიობმა, მურმან ჯინორიამ განაცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.
მსახიობის თქმით, ახალგაზრდები იდეურები და გულწრფელები არიან.
„მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ახლა იწყება. უნდათ ისეთი ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც თვითონ უნდათ. იმიტომ მეცოდებიან, ყველაფერი იქითკენ, მათი სურვილებისკენ რომ არ მიდის. ჩვენ არ ვიცოდით სხვა ქვეყნებში როგორი ცხოვრება იყო, იმათმა იციან და აქაც იგივე უნდათ. ძალიან გულწრფელები, იდეურები არიან. ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა... მათი ცხოვრება უნდა იყოს სხვანაირი, აბა, ჩემი ცხოვრება აწი რაღა არის? მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ამ 50 წლის მანძილზე...
მინდა ჩემი ახალგაზრდობა ბედნიერი იყოს! კარგი ცხოვრება ჰქონდეთ. თუ საზღვარგარეთ ისწავლიან, აქ მოვიდნენ და თავის ცოდნა, განათლება და სიყვარული თავის ქვეყანას მოახმარონ. ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს, ასე ყოფილა ისტორიულად! სხვა იმპულსი აქვთ, ტვინით კი არა, გულით გრძნობენ, რაც უნდათ. ამიტომაც ისინი ყოველთვის მართლები არიან. დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან. გაუმარჯოს ჩვენს ახალგაზრდობას! ღმერთმა სიკეთე მოგვცეს, მშვიდობიანი შობა და ახლი წელი“ - განაცხადა მურმან ჯინორიამ ambebi.ge-სთან.
ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. გადაკეტილია მელიქიშვილის ქუჩა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
შეგახსენებთ, ცხრა ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.