რუსეთმა სომხეთს პირველი ნოემბრიდან შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტოს, თუ ერევანი მოსკოვის მოთხოვნებს არ შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გაზეთი „ჰრაპარაკი“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, ამჟამად გამოცხადებულია გეგმური სარემონტო სამუშაოების შესახებ და მომხმარებლებს გაზი დაგროვილი მარაგებიდან მიეწოდებათ.

წყაროების თქმით, პირველ ნოემბრის შემდეგ შესაძლოა, „მსხვილი ავარია“ მოხდეს ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნას, რის გამოც რუსული გაზის მიწოდება აღარ განახლდება.

ამასთან, გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, მოსკოვმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ოთხი მოთხოვნა წაუყენა, რომელთა შესრულებამ, სავარაუდოდ, ასეთი სცენარი უნდა აიცილოს თავიდან.

კერძოდ, პირველი მოთხოვნა რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას ეხება – ფაშინიანს შესთავაზეს, უარი თქვას ამ ბაზის სომხეთში ყოფნის საკითხის განხილვაზე; მეორე მოთხოვნა რუსეთის აქტივებს შეეხება, კერძოდ, რკინიგზასა და „გაზპრომს“. წყაროს თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ამ აქტივებთან დაკავშირებით ისეთი მოქმედებები, რომლებიც მოსკოვში შესაძლოა, რუსულ კაპიტალზე თავდასხმად აღიქვან.

მესამე მოთხოვნაა, სომხეთის საგარეო-პოლიტიკურ არჩევანს, ანუ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანს ეხება. მოსკოვი, სავარაუდოდ, მოითხოვს ან „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონის გაუქმებას, ან ამ საკითხზე რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას.

მეოთხე მოთხოვნა კი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურების დევნის შეწყვეტას გულისხმობს. საუბარია, რობერტ ქოჩარიანზე, გაგიკ ცარუკიანზე, ანდრანიკ ტევანიანსა და სამველ კარაპეტიანზე.

გარდა ამისა, წყარო აცხადებს, რომ არსებობს კიდევ ერთი, დამატებითი მოთხოვნა – სომხეთის მთავრობაში რუსეთისთვის მისაღები ვიცე-პრემიერის დანიშვნა, რომელთანაც რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირი თანამშრომლობა შეეძლება.

გაზეთმა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან სცადა. როგორც სომხური გაზეთი იტყობინება, რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მცირე რაოდენობის მაღალჩინოსნებმა იციან. სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაზეთს შეკითხვაზე პასუხის გაცემას დაჰპირდა, თუმცა გამოცემას დღის განმავლობაში პასუხი არ მიუღია.