ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე, საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა 3 თვეზე მეტია, შეზღუდულია,-"კომერსანტი" ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წერდა. მაშინ ბიუროს იურისტმა, ნინი მაღლაკელიძემ, განგვიმარტა, რომ შეფერხება ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული. იურისტი ამბობდა იმასაც, რომ ამით საჯარო ინფორმაციის გაცემა არ შეფერხდებოდა და ჟურნალისტებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დეკლარაციებზე წვდომა კვლავ ექნებოდათ. ამის მიუხედავად, 24 იანვარს, "რადიო თავისუფლების" გავრცელებული პოსტიდან ვიგებთ, რომ უწყებამ მათ ჟურნალისტს ინფორმაცია არ მიაწოდა.
მეტი დეტალისთვის, ანტიკორუფციულ ბიუროს კვლავ დავუკავშირდით. ცხელ ხაზზე გვეუბნებიან, რომ ე.წ რეგისტრაციის ფილტრი, რომელიც ახლა საჯარო ინფორმაციაზე წვდომას ზღუდავ, დეკლარაციის შემვსები აპლიკანტებისთვისაა. ასეთი ინფორმაცია ბიუროს იურისტმა იანვარშიც მოგვაწოდა, თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის ანგარიშიდან ვუგებთ, რომ ამ დროისთვის, დეკლარაცია 6 970-მა პირმა უკვე წარადგინა; ასევე დასრულდა 2024 წლის მოკვლევაც.
ანტიკორუფციულ ბიუროში დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვას კვლავაც "ტექნიკური ხარვეზით" ხსნიან. მათი თქმით, პრობლემის აღმოფხვრა იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის, უცნობია.
,,საიტზე ფილტრი იმისთვის არ არის, რომ ვინც დარეგისტრირდება წვდომა ჰქონდეს და ვინც არა- არ ჰქონდეს. ეს ფილტრი დეკლარანტებისთვისაა, რათა დეკლარაციები თავად შეავსონ. სხვების დეკლარაციები, რა თქმა უნდა, საჯაროა და ჩვენს საიტზე დევს, მაგრამ ახლა ხარვეზია და როგორც კი აღმოიფხვრება, საიტი პირვანდელ სახეს დაუბრუნდება. ჩვენი ციფრული დეპარტამენტი პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს და წესით, მალე უნდა აღმოიფხვრას",- განგვიცხადეს ანტიკორუფციული ბიუროს ცხელ ხაზზე.
ინფორმაცია განახლებადია და "კომერსანტი" პერიოდულად შეამოწმებს, დარჩება თუ არა ავტორიზაციის ფილტრი საიტზე.