„საქართველოში წარმოებების და სადისტრიბუციო ქსელების GMP/GDP სერტიფიცირება 2 წელია მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ 3-მა წარმოებამ შეძლო აღნიშნული სტანდარტის დაკმაყოფილება და დანარჩენები ამ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად მუშაობენ“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სერტიფიცირებას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება და ამ პირობებში ინვესტორების პოვნა იოლი არ არის, ამიტომ 51 ლიცენზირებული საწარმოდან დღეს სახეზე მხოლოდ 3-ია.
„უახლეს ხანში კიდევ 1 მწარმოებელი დააკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რამდენიმე პროცესშია, წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისამდე კიდევ 1 ან 2 სერტიფიცირებული საწარმო შემოგვემატება.
რაც შეეხება ექსპორტიორებს, ისინი 2025 წლამდე მუშაობენ. მათ აქვთ იმის უფლება, რომ მედიკამენტების რეალიზაცია მოახდინონ ქვეყნის გარეთ, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე დაშვება არ აქვთ. მანამდე 51 ლიცენზირებული წარმოება იყო და მათმა დაკეტვამ და მუშაობის შეჩერებამ გარკვეული მიმართულებით პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია. ბაზარი ცარიელი არ დარჩება, მაგრამ ჩვენი ადგილობრივი პროდუქცია რუსეთიდან და ბელორუსიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოსულმა მედიკამენტებმა ჩაანაცვლა. ამანაც უარყოფითი გავლენა მოახდინა სექტორზე“, - აცხადებს ლევან გოგიბერიძე.
მისი თქმით, ასოციაციამ 2019 წელს შესთავაზა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ GMP/GDP სტანდარტზე ეტაპობრივად გადასულიყო, რათ ეს ცვლილებები ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო სექტორისთვის და მეტ მწარმოებელს დაეკმაყოფილებინა ახალი სტანდარტი, მაგრამ ეს თანამშრომლობა არ შედგა.
„წარმოებების დიდმა უმრავლესობამ შეაჩერა ოპერირება და გავიდა ბაზრიდან და აღარ აპირებენ ფარმაციის მიმართულებით თავიანთი წარმოების გაგრძელებას, ამას დიდი ინვესტიციები სჭირდება. ასეთ დროს ინვესტორების მოძებნა ძნელდება“, - აღნიშნა ლევან გოგიბერიძემ.