„საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი’’ დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება. მისი თქმით, კანონპროექტმა ყველა შესაბამისი პროცედურა უკვე გაიარა და პარლამენტის მიერ განსახილველ დოკუმენტების სიაშიც არის შეტანილი, თუმცა კანონი ამ დრომდე არ არის მიღებული. დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, რომ საქართველოში რეგისტრირებული მილიონ 700 ათასი ავტომობილიდან მხოლოდ 140 ათასამდეა დაზღვეული, რაც დაბალი მაჩვენებელია. მისი შეფასებით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სავალდებულო დაზღვევის დროული ამოქმედება.
„ჩვენ თუ გვინდა, რომ ადამიანები და ბიზნესები დაზღვეული იყვნენ საფრთხეებისგან, მათ შორის დაზღვეული იყოს მათი ქონება, ავტომობილები, ის ზიანი, რომელიც წარმოიშობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აკეთებს მთელი მსოფლიო უკლებლივ ჩვენს გარდა. ეს არის ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. შესაბამისი კანონი მომზადებულია მთავრობის მიერ. გამზადებულია და არის იმ კანონების ჩამონათვალში, რომელიც უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს შარშანდელიდან ასეა. ჩვენთან ეს არ არის სავალდებულო. ანუ თვითონ ადამიანი თუ ორგანიზაცია თავის მანქანას აზღვევს და ნებაყოფლობით ყიდულობს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას. ჯამში ეს რაოდენობა ძალიან მცირეა. მილიონ 700 ათასი მანქანიდან დაზღვეულია რაღაც 140 ათასი. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით და კომპენსაციის თვალსაზრისით არის ძალიან ცოტა, მაგრამ ნელ-ნელა იზრდება ეს რაოდენობა. არის სტაბილური ზრდის ტენდენცია. არის 10-15% ზრდა, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე. იმიტომ, რომ საერთო პრობლემას ეს ვერ წყვეტს.’’- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
„საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტს’’ ვკითხეთ, მისი აზრით, რატომ არ მიიღეს კანონი ამ დრომდე? დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ეს პოპულისტური პოლიტიკის შედეგია. მისი განმარტებით, ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც მათ რაღაცას ავალებენ და დამატებით, თუნდაც მცირე ხარჯის გაღებას სთხოვენ.
,,ჩვენთან პოლიტიკა ხომ ეგრე უყურებს, რომ ზოგადად კარგია, ადამიანს გაუხარდება თუ მას რამეს აჩუქებ. თუ მას რამე სწორიც რომ დაავალო, მას არ უხარია. ამიტომ არ აკეთებენ. უკვე იმდენი ხანია ამაზე ლაპარაკია, რომ ყველას ესმის, რომ ეს საჭიროა. მეორე ამბავია, უხარია თუ არა მძღოლს რომ დაავალდებულებენ, რომ ამოიღე ფული ჯიბიდან. თუნდაც დიდი ფული არა. თვეში მაგალითად 20 ლარი, სიტყვაზე ვამბობ. ის არ უხარია. პოპულიზმის ასეთი რამეა. პოპულიზმი თვლის, რომ რასაც აჩუქებ, იმისთვის მადლიერია. ეს არის წლების განმავლობაში ამისი ძირითადი მოტივი. მთავრობის კანონია ეს. ჩვენ მივიღეთ ყველაფერში მონაწილეობა. კანონმა გაიარა ეკონომიკური საბჭო და ყველაფერი. მთავრობას ესმის, რომ საჭიროა. მაგრამ აქამდე არ მიიღეს.’’- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
,,საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი’’ განმარტავს, რომ მთელს მსოფლიოში დაზღვევა სავალდებულოა, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ ნებაყოფლობითი ფორმის შემთხვევაში ადამიანები ავტომობილებს არ დააზღვევენ.
,,რამდენიმე ქვეყნის გარდა მსოფლიოში ყველგან სავალდებულოა. სწორედ იმის გამო, რომ ადამიანები თვითონ სავალდებულოობის ჩახსნის შემთხვევაში აღარ აზღვევენ. არის კვლევები, რომელიც ამას აჩვენებს და ჩანს, რომ მნიშვნელოვანი პროცენტი რეალურად არ დააზღვევს. კი ყველა იძახის, რომ დავაზღვევთო, მაგრამ სავალდებულოობის მოხსნის შემთხვევაში ფიქსირდება მნიშვნელოვანი კლება. ამიტომ ინარჩუნებენ ამ სავალდებულო დაზღვევას აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნების. მეორე თემაა, რომ შეგიძლია საერთოდ ამ მიაქციო ამას ყურადღება და თავად გაარკვიონ საქმეები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რისკი არსებობს. გაზრდილი საფრთხეა მანქანა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ევროპაში საშუალოდ მანქანების 8% ზიანდება. ჩვენნაირ ქვეყნებში 10%-ზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ზარალი ცუდად არის ანაზღაურებული. მერე მიდის ვაჭრობა და ჩხუბი. საბოლოო ჯამში ყველა ზარალშია. დაზღვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოციალური დაცვის. იმიტომ, რომ იცავს ყველას დამზარალებელსაც და დაზარალებულსაც.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში დევი ხეჩინაშვილი.