პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე, აშშ-ის ფინანსური სანქციების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძე არ აკონკრეტებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბანკები ამ საგამონაკლისო წესის მიუხედავად, საერთაშორისო სანქციებს აღასრულებენ.

„ყველა უნდა დაემორჩილოს, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ეს ძალიან მარტივი რამაა, რაც შემიძლია ვთქვა. ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას. დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესა. საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს ნათია თურნავას მიერ გასულ წელს მიღებული საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.