საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი - უბანზე პროცესი შეწყდა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და ფაქტი შეისწავლა.

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. უბანზე შეწყდა პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის [მარნეულის #69 უბნის] მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩვენ როგორც სოც.ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვნახეთ ვიდეო, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა, თუმცა უფრო მეტ დეტალს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, ამის დადგენა შეგვიძლია და მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. უბანზე, სადაც პროცესი შეწყდება, პროცესი აღარ გრძელდება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მე-3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება), რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.

ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.