რუსეთი დათანხმდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ორი ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისგან, ორივე ქვეყნის მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი გაერთიანებებისგან, სამეცნიერო წრეებისგან, კულტურის მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას. და ეს გაკეთდა ჰუმანიტარული მოსაზრებების საფუძველზე“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, სავიზო რეჟიმის გაუქმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს. პესკოვმა განაცხადა, რომ სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ჯერ ასე შორს არ ვიქნები“, - უპასუხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთთან სავიზო რეჟიმი და 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება გაუუქმა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ.
იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას“.