განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი, რომელიც თავისუფლების მოედანზე იმყოფება, ამბობს, რომ ადგილზე ნაძვის ხის ასანთებად არ მისულა.

მე ნაძვის ხეებს არ ვანთებ - უთხრა "პირველებს" ზვიად ხარაზიშვილიმა.

თუ რატომ იმყოფება თავისი თანამშრომლებიც ადგილზე, "ხარება" ამბობს - "მოვედი რა, არ შეიძლება?"

თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.

ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავდა, თუმცა  ხალხმრავალი აქციის გამო გადაიფიქრა. კახა კალაძის განცხადების შემდეგ  "ქართულმა ოცნებამ" რუსთაველზე ნაძვის ხის ანთების სანახავად მისული მოქალაქეების ჯგუფი დაშალეს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნება" ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებდა. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავდნენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

ქვეყანაში არსებული უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავს.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას პარლამენტის წინ, სალომე ზურაბიშვილიც „უდიდეს პროვოკაციას“ უწოდებს და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა „კონფრონტაცია გამოიწვიოს“.  მან 13 დეკემბერს თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებას მალევე გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მისულ ხალხს "ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა" და "სრულად უსაფრთხო გარემოს" ჰპირდება.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ გასულ კვირას განმარტა, რომ "კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე  ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს. "

ერთი კვირის წინ თბილისის მერმა საახალწლო გზავნილიც გააჟღერა. 

"ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“,- განაცხადა კახა კალაძემ.