„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ საპროტესტო აქციაზე მდგომი პირები დღეს იმ პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაარჩინა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომელთაც ორი კვირაა შეურაცხყოფას აყენებენ. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა საზარბაზნე ხორცად მიატოვეს რუსთაველზე მდგომნი.
„ამ ვიდეოს კარგად უყურეთ მანქურთებო და უცხო ქვეყნის აგენტებო!
დღეს, იმ პოლიციამ გადაგარჩინათ, მართლა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომლებსაც 2 კვირა წვავდით, აგინებდით, ოჯახის წევრებს უწიოკებდით! დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გადაგარჩინეს, კახა კალაძის თაოსნობით, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდით! დღეს, იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვდით და ბედი თქვენი, სხვა ხელისუფლება რომ არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა! ყველა გაიპარა, როცა პოლიციის კორდონი გაკეთდა და უსაფრთხოდ იგრძენით თავი, მარტო კიკიმორა ზურაბიშვილი შემოგიგორეს!“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.
თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.
ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავდა.
რამდენიმე წუთის წინ, ნაძვის ხე, რომელიც კახა კალაძეს უნდა აენთო, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით აინთო, რასაც ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. წამების შემდეგ ნაძვის ხე ისევ ჩააქრეს. უთანხმოება იყო აქციის მონაწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის. მერიას ადგილზე გენერატორების შეტანა სურდა, მომიტინგეები კი ცდილობდნენ მანქანა ნაძვის ხემდე არ მიეშავთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნება" ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებდა. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავდნენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
ქვეყანაში არსებული უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავს.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას პარლამენტის წინ, სალომე ზურაბიშვილიც „უდიდეს პროვოკაციას“ უწოდებს და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა „კონფრონტაცია გამოიწვიოს“. მან 13 დეკემბერს თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებას მალევე გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მისულ ხალხს "ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა" და "სრულად უსაფრთხო გარემოს" ჰპირდება.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ გასულ კვირას განმარტა, რომ "კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს. "
ერთი კვირის წინ თბილისის მერმა საახალწლო გზავნილიც გააჟღერა.
"ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“,- განაცხადა კახა კალაძემ.