რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
ისმის მოქალაქეების შეძახილები - „სცენაზე“, რითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.
სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანობის აღდგენა და ახალი არჩევნები მოითხოვა. პოლიტ.პატიმრების გათავაისუფლების მოთხოვნა კი მის გვერდით აქციაზე მდგომმა „თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე“ გასამართლებული გეგა კობახიძის დედამ, ნათელა მაჭავარიანმა, გააჟღერა.
„ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. თქვენ, ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად, იყავით ერთად და მე ვარ თქვენთან ერთად იმიტომ, რომ აქ, არც ერთ პროვოკაციას არ დავუშვებთ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემ გულში”, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მყოფ მოქალაქეებს.
საპასუხოდ ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა შეძახილები: „მადლობა“, „საქართველოს პრეზიდენტს გაუმარჯოს“.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის მერიას ნაძვის ხის ანთება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ღონისძიება გადადო.
ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავდა.
რამდენიმე წუთის წინ, ნაძვის ხე, რომელიც კახა კალაძეს უნდა აენთო, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით აინთო, რასაც ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. წამების შემდეგ ნაძვის ხე ისევ ჩააქრეს. უთანხმოება იყო აქციის მონაწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის. მერიას ადგილზე გენერატორების შეტანა სურდა, მომიტინგეები კი ცდილობდნენ მანქანა ნაძვის ხემდე არ მიეშავთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნება" ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებდა. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავდნენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
ქვეყანაში არსებული უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავს.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას პარლამენტის წინ, სალომე ზურაბიშვილიც „უდიდეს პროვოკაციას“ უწოდებს და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა „კონფრონტაცია გამოიწვიოს“. მან 13 დეკემბერს თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებას მალევე გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მისულ ხალხს "ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა" და "სრულად უსაფრთხო გარემოს" ჰპირდება.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ გასულ კვირას განმარტა, რომ "კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს. "
ერთი კვირის წინ თბილისის მერმა საახალწლო გზავნილიც გააჟღერა.
"ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი, რომელიც 28 ნოემბრიდან ქუჩაში აქციებს მართავს, ყაველაშვილს პრეზიდენტად არ სცნობს და არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. ყაველაშვილს პრეზიდენტად არ სცნობს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ხალხის პოზიციას სრულად იზიარებს მოქმედი პრეზიდენტი, დამოუკიდებელი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ. მათი შეფასებით, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები მიიტანეს. ისინი წითელ ბარათს უჩვენებდნენ ყაველაშვილს და სკანდირებენ: "მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!"
აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც.
ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.
საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ - „საქართველო“.
" ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!" - ამ ლოზუნგით გაიმართა დედების მარში. ქალებს ხელში უჭირავთ დარბეული, დასახიჩრებული, ნაცემი და დაპატიმრებული ახალგაზრდების ფოტოები. მარშში მონაწილე დედები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უმიზეზოდ დაკავებული მომიტინგე, ვინც რუსთაველზე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს იცავდა.
დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათზე დასრულდა.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური გახდა.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანი იყო. კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდა: - პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი იყო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმა გახლდათ საკმარისი.