" ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!" - დედაქალაქის ცენტრში დედების მარში მიმდინარებს
ქალები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობას პრეზიდენტის სასახლემდე გამართავენ. მათ ხელში უჭირავთ დარბეული, დასახიჩრებული, ნაცემი და დაპატიმრებული ახალგაზრდების ფოტოები. მარშში მონაწილე დედები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უმიზეზოდ დაკავებული მომიტინგე, ვინც რუსთაველზე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს იცავდა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ - „საქართველო“.
დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. ისინი წითელ ბარათს უჩვენებენ პრეზიდენტობის კანდიდატს და სკანდირებენ: "მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!"
აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც.
ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.
საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.