თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება პარლამენტთან გადაიდო.

შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი, - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საგანგებო ბრიფინგზე.. 

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა,  მაშინ როდესაც აგრესიული მომიტინგეები საახალწლო ღონისძიებისთვის მოწყობილ სცენას შუშის ბოთლებს ესროდნენ, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა პროვოკაციებისგან. შესაბამისად,  ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დროებით გადაიდო. 

"როგორც მოგეხსნებათ, დღეს 19:00 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგი ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ. რადიკალურმა ოპოზიციამ  იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველზე შეკრებილები არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებზე  გუშინაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება და ისინი ემზადებოდნენ ამისთვის. ამ ფონზე ლოგიკურია,  მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც მოდიოდა ამ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია საკრებულოსთან, ბავშვებთან ერთად, რომ დაიშალონ, არ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი. ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავდა.

რამდენიმე წუთის წინ, ნაძვის ხე, რომელიც კახა კალაძეს უნდა აენთო, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით აინთო, რასაც ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. წამების შემდეგ ნაძვის ხე ისევ ჩააქრეს. უთანხმოება იყო აქციის მონაწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის. მერიას ადგილზე გენერატორების შეტანა სურდა, მომიტინგეები კი ცდილობდნენ მანქანა ნაძვის ხემდე არ მიეშავთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნება" ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებდა. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავდნენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

ქვეყანაში არსებული უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავს.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას პარლამენტის წინ, სალომე ზურაბიშვილიც „უდიდეს პროვოკაციას“ უწოდებს და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა „კონფრონტაცია გამოიწვიოს“.  მან 13 დეკემბერს თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებას მალევე გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მისულ ხალხს "ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა" და "სრულად უსაფრთხო გარემოს" ჰპირდება.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ გასულ კვირას განმარტა, რომ "კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე  ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს. "

ერთი კვირის წინ თბილისის მერმა საახალწლო გზავნილიც გააჟღერა. 

"ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“,- განაცხადა კახა კალაძემ.