"1 დეკემბერს დამაკავეს პროტესტის მონაწილე 107 მოქალაქესთან ერთად, იმ მოტივით, რომ ვიყავი არასწორ დროს არასწორ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი ამერიკის მოქალაქე ვიყავი, მცემეს და მოსამართლემ დამაკისრა $ 1000 ჯარიმა," - ამის შესახებ ერთნიკურად ქართველმა აშშ-ს მოქალაქემ, ნიკ ლოლაძემ, განაცხადა.
მისი მტკიცებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრამდე აღმჩნდა მტრულ გარემოში, სპეცრაზმელები აბუჩად იგდებდნენ და, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის გარეშე, უბრძანეს დაეტოვებინა ქვეყანა 5 დღეში.
"მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრამდე აღმოვჩნდით მტრულ გარემოში, სპეცრაზმელები აბუჩად მიგდებდნენ და, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის გარეშე, მიბრძანეს დამეტოვებინა ქვეყანა 5 დღის განმავლობაში, ეს მოთხოვნა გავასაჩივრე პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად და დაახლოებით 5 000 დოლარი დავხარჯე იურიდიული მომსახურებისთვის, თუმცა ნათელი იყო, რომ ჩემი აპელაცია არ დაკმაყოფილდებოდა, ამის მიზეზი ძალოვანი სამსახურების მიერ მოკერებული იარლიყია, თითქოს რაიმე პრობლემას ვუქმნიდი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.
ამის გარდა, მუდმივად ვიღებდი სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ ქვეყანა დამეტოვებინა, ვიცოდი, თუკი საქართველოში ყოფნის პერიოდში ამაზე მედიასთან ვისაუბრებდი აუცილებლად დამაკავებდნენ და კვლავ ციხეში აღმოვჩნდებოდი. 28 დეკემბერს, როცა ამერიკაში გამგზავრება გადავწყვიტე, დამაკავეს საპასპორტო კონტროლის დროს, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ უფრო მეტად შემშინებოდა და დაბრუნებაზე არასდროს მეფიქრა," - ამბობს ნიკ ლოლაძე, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციაზე დააკავეს.[TV ფორმულას სინქრონული თარგმანი].
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. უწყების განმარტებით, გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები - ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია. მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყნიდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.