დღე, როდესაც სახელმწიფოს შენება დაიწყო - 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციიდან 21 წელი გავიდა. 

რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში?

2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ და მაშინდელმა სახელისუფლებო პარტიამ, "მოქალაქეთა კავშირმა" ტოტალურად გააყალბა, სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" კი, სადაც "მოქალაქეთა კავშირი" და "აღორძინება" შედიოდნენ, გამარჯვებულად გამოცხადდა.

იმავე საღამოს, ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვება აღნიშნა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". ხმები პარალელურად დაითვალა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნები". შედეგებით ჩანდა, რომ 7%-იანი ბარიერი ამ საარჩევნო სუბიექტმა გადალახეს:

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 20,8%
  • სახელისუფლებო ბლოკი - "ახალი საქართველოსთვის" - 12,9%
  • "ლეიბორისტული პარტია" - 12,8%
  • "ბურჯანაძე - დემოკრატები" - 10,15%
  • "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" - 8,15%
  • "ახალი მემარჯვენეები" - 7,99%

ამ დროისთვის, ცესკო-ს ხმათა მხოლოდ მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით, სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და "ნაციონალური მოძრაობა" (23%) ლიდერობდნენ.

იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო მხოლოდ დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც, წინასწარი შეფასებით, არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს.

ბურჯანაძე/ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება აღიარა, თავად ენმ-მ კი შესაძლო საპროტესტო აქციებზე დაიწყო საუბარი.

პირველი საპროტესტო აქცია 4 ნოემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

წყარო: მთავარი არხი