სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულებიდან ირკვევა. ცნობის თანახმად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულია China Railway Tunnel Group Co რომელიც პროექტს 212,548,323 ლარად ააშენებს, რაც გზის სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე 12.5 მილიონი ლარით ნაკლებია. ამავე კომპანიამ შეასრულა ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 900 მილიონ ლარს შეადგენდა.

საქართველოს მთავრობა რუსეთის საზღვრამდე მიმავალი ავტომაგისტრალის მოდერნიზაციას გეგმავს - ამისთვის 2024 წლის მარტში გზების დეპარტამენტმა 225 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ორზოლიანი გზის პროექტი ურთულეს გეოგრაფიულ არეალში გაივლის და მგზავრობის დროს მკვეთრად შეამცირებს. მისი სიგრძე 4.5 კილომეტრი იქნება.

პროექტზე წინა ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში 246 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოქვეყნდა, თუმცა ის მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყდა, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტმა განახლებული ტენდერი გამოაქვეყნა.

ვრცლად bm.ge - ზე