შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დახრილი საესკალატორო გვირაბის კაპიტალური რემონტის სამუშაოებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1.8 მლნ ლარად შეისყიდის, - ამის შესახებ მთავრობის 24 ივლისის განკარგულებით ირკვევა.
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს - თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეცეს უფლება, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დახრილი საესკალატორო გვირაბის კაპიტალური რემონტის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კომპანიის საკუთარი სახსრებიდან, 1,800,000 ლარის ფარგლებში",- ვკითხულობთ განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რეაბილიტაციის მიზნით, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან მგზავრებისთვის 45 დღით დაიხურა. პროექტის მთლიანი ხარჯები, დახრილი გვირაბის რემონტთან ერთად, 16.5 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებში გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს.