„წლიდან წლამდე მცირდება სამოსახლო მიწების გაყიდვა შუაგულ თბილისში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ Brokeri.ge-ს დამფუძნებელი ილია ინაშვილი ესაუბრა.
როგორც ინაშვილი აცხადებს, დედაქალაქში სამოსახლო მიწების დიდ ნაწილს უკვე კომერციული სტატუსი აქვს მინიჭებული და მათი გამოყენება საკორპუსე დანიშნულებით ხდება.
„2010 წლიდან რომ დაიწყო ფასების ზრდა მიწის ნაკვეთებზე თბილისში, დღემდე არ გაჩერებულა. ძირითადად კომერციულ მიწის ნაკვეთებზე ვსაუბრობ, რადგან სამოსახლო ნაკვეთების გაყიდვა შუაგულ თბილისში ძალიან შემცირებულია. ეს იმიტომ, რომ დიდი ნაწილი სამოსახლო მიწების საკორპუსე მიწის ნაკვეთებმა წაიღო. მათ უკვე კომერციული სტატუსი აქვთ.
ავიღოთ თუნდაც ჩუღურეთის ტერიტორია, მთაწმინდა, იქ უკვე ყველგან, სადაც კერძო სახლები იყო და შესაძლებლობას იძლეოდა კოეფიციენტი კორპუსის მშენებლობის, კომერციული სტატუსი აქვს მიწის ნაკვეთებს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ შუაგულ თბილისში რაღაც დოზით მაინც იყიდება სამოსახლო მიწის ნაკვეთები, სამოსახლო სტატუსით. ეგეთი ძალიან იშვიათი გამონაკლისი გვაქვს.
შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ უშუალოდ თბილისში მიწის ნაკვეთებზე, ყველა შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ კომერციულ ჭრილში. კომერციულ მიწის ნაკვეთებს აქვს ქვესტატუსები. არის მიწა საკორპუსე, საოფისე და ა.შ. თუმცა, ძირითადად რეალიზება ხდება მაინც საკორპუსე დანიშნულებით. წლიდან-წლამდე მცირდება და ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთები, აქედან გამომდინარე, მისი ფასიც არის მზარდი. დღეის მდგომარეობით, კომერციული მიწის ნაკვეთის ფასი თბილისში 500-დან 3000 დოლარამდე მერყეობს“, - აცხადებს ილია ინაშვილი.
მისივე თქმით, სამოსახლო მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა მზარდია გარეუბნებსა და თბილისის შემოგარენში. რაც შეეხება ფასებს, მსგავს ტერიტორიებზე მიწა ყველაზე ძვირია დიღომში, სადაც კვადრატულის ფასი 450 აშშ დოლარიდან იწყება და 500 დოლარამდე აღწევს.