2025 წელი ჩემი კომპანიისთვის და ზოგადად, სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენს შემთხვევაში 10-15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ახერხებს მოგზაურობას და ეს კულტურა უფრო მეტად მკვიდრდება. 3 წელია ამ ბაზარზე ვართ და მომხმარებელმა, როგორც ტურისტმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Go Tour-ის დირექტორმა ნინო წიკლაურმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ცნობით, ყველაზე მოთხოვნადი ის მიმართულებებია, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები სრულდება.

"რაც მეტი, განსაკუთრებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს საქართველოში ფრენას, მომხმარებლებისთვის მით უფრო ხელმისაწვდომი ხდება ამათუ იმ ახალი ქვეყნის ათვისება. ვისურვებდი, რომ თბილისში მეტი და მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდეს, რაც რა თქმა უნდა ტურისტების რაოდენობას  გაზრდის. მეორე ფაქტორი შემოსავლების ზრდაა. ადრე თუ ბიუჯეტურ ტურებზე იყო მოთხოვნა, ახლა უფრო მეტად დიდი და სერიოზული ტურისტული მიმართულებები აინტერესებთ. 

ყველაზე მოთხოვნადია ისეთი ქვეყნები, სადაც პირდაპირი ფრენებია - მათ შორის, პარიზი, პრაღა, რომი და ა.შ. ზაფხულში უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ზღვას ირჩევენ. ანტალია ალბათ, წელს ისევ ყველაზე მოთხოვნადი იქნება, თუმცა ასევე, მოთხოვნადია ესპანეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების საზღვაო კურორტები. მოლოდინი გვაქვს, რომ ფასებში მნიშვნელოვანი ზრდა არ იქნება", - აცხადებს ნინო წიკლაური. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი