საოჯახო სასტუმრო „თამარიონის" მფლობელი ალექსი გოგოლაძის განცხადებით, ბორჯომში ტურისტული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და კურორტი პრაქტიკულად ცარიელია.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, მის მართვაში არსებული სამივე ობიექტი, მათ შორის საოჯახო სასტუმრო, ამ ეტაპზე სრულად დაუტვირთავია.
„სამი ობიექტის მართვაში ვარ და წარმოიდგინეთ, სასტუმროში განთავსება 50 ლარი ღირს და მაინც არავინ მოდის. რომელ ტურიზმზეა საუბარი? მოვიდეს ვინმე და მითხრას, რომ ტურიზმი ყვავის – სად ყვავის?
19-ნომრიანი სასტუმრო ნულზეა – ერთი ნომერიც კი არ არის დაკავებული. ეს არის ჩვენი ტურიზმი. ტელევიზორში ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, რა არის კარგად?“, – აცხადებს ალექსი გოგოლაძე.
მისივე თქმით, მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება და ტურისტული ნაკადების კლების ტენდენცია აშკარაა. „სამივე ობიექტი ცარიელია. ყოველ წელს პროგრესი მიდის დაბლა. 2025 წელი განსაკუთრებით არასახარბიელო იყო. ფიზიკურად არ იყო დატვირთვა“, – ამბობს საოჯახო სასტუმროს მენეჯერი.
ალექსი გოგოლაძის განმარტებით, საახალწლო პერიოდში დატვირთვა დაახლოებით 10%-ს შეადგენდა და სტუმრების უმრავლესობა მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყო, მაშინ როცა ადგილობრივი ტურისტები პრაქტიკულად არ გამოჩენილან.
„15 წელია ტურიზმში ვარ და ასეთი ახალი წელი ბორჯომში არ მახსოვს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო. სანამ ბაქოსა და სომხეთის საზღვრები სრულად არ გაიხსნება, ასე ვიქნებით“, – აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, ტურიზმის განვითარებაზე საუბარი არსებული რეალობის ფონზე რეალობასაა მოკლებული. მისივე შეფასებით, ტურიზმის განვითარება მხოლოდ ავიარეისების რაოდენობით არ განისაზღვრება. „რა მნიშვნელობა აქვს [ინდური და არაბული ბაზრების მიმართულებით] ოთხი იქნება ფრენა თუ ხუთი, ეგენი ფულს საერთოდ არ ხარჯავენ. თუ ადამიანი სასტუმროში არ ჩერდება და ბიზნესი არ მუშაობს? საზღვრებს კეტავენ და ამავდროულად ტურიზმის განვითარებაზე საუბრობენ - ეს მიუღებელია“, – ამბობს საოჯახო სასტუმრო "თამარიონის" მფლობელი.