16 აპრილის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტუაფსეს პორტზე პირველი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა. პორტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია კი მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

20 აპრილს ტუაფსეზე მეორე იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ხანძრის შედეგად ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა, მოგვიანებით კი დაფიქსირდა ე.წ. „ნავთობის წვიმა“ - ნალექი, რომელიც ნავთობის წვის პროდუქტებს შეიცავს. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი ხანძრისას გამოყოფილი ბოლი შეიცავს ტოქსიკურ აირებს, ქიმიურ ორთქლსა და ზეთის მიკრონაწილაკებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

დაბინძურების დონე 24 აპრილს კიდევ უფრო გაძლიერდა-ძლიერი წვიმების შედეგად მიწაზე დაღვრილი ნავთობპროდუქტები კვლავ ზღვაში ჩაიღვარა.

რუსეთის რეგიონული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 21 აპრილს ჰაერში დასაშვებ ნორმაზე მაღალი კონცენტრაციით ბენზოლი და ჭვარტლი დაფიქსირდა. მოსახლეობას რეკომენდაცია მიეცა, ფანჯრების გაღებისგან თავი შეეკავებინათ. მოგვიანებით ჰაერის ხარისხის შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყდა, თუმცა კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, „ჰაერი რეგულარულად მოწმდება“.

ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებენ ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტების ნაწილიც. მათი თქმით, ოფიციალური უწყებები გარემოს მდგომარეობის შესახებ საკმარის მონაცემებს არ ავრცელებენ.

დაბინძურებამ სერიოზულად დააზარალა უსახლკარო ცხოველებიც. მოხალისეების განცხადებით, „თითქმის ყველა ცხოველი ქუჩაში მაზუთით არის მოსვრილი“ და დახმარებას მხოლოდ კერძო პირები უწევენ.

ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 აპრილისთვის გაწმენდილია 2.5 კუბური მეტრი გრუნტი, ხოლო სალიკვიდაციო სამუშაოებში 132 ადამიანი და 26 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

თუმცა ეკოლოგების თქმით, სანაპიროზე დაღვრილი მაზუთი სრულად არ არის გატანილი და დაბინძურებული ტერიტორიები ახალი ქვიშით არის დაფარული, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს -ნავთობი მიწის უფრო ღრმა ფენებში აღწევს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეფექტური გაწმენდისთვის აუცილებელია დაბინძურებული ქვიშის სპეციალური ტექნიკით ამოღება და მისი ზღვისგან მოშორებით გადამუშავება. ამასთან, გამოცემა „ნემოსკვა“ იუწყება, რომ გაწმენდითი სამუშაოები ძირითადად მხოლოდ ცენტრალურ სანაპიროზე მიმდინარეობს, მაშინ როცა სხვა დაზიანებული ზონები უყურადღებოდ რჩება.