2025 წლის მეორე ნახევარში ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით გენერაციული AI-ის, გლობალურმა გამოყენებამ კვლავ მოიმატა.
Microsoft-ის AI Economy Institute-ის მონაცემებით, მსოფლიოში AI ინსტრუმენტების მომხმარებელთა წილი 16.3%-მდე გაიზარდა, რაც წინა ნახევარ წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია. შედეგად, დღეს უკვე დაახლოებით ყოველი მეექვსე ადამიანი იყენებს გენერაციულ AI-ს ახალი უნარების გამოსამუშავებლად, შრომის გასამარტივებლად და ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
თუმცა, Microsoft-ის ინფორმაციით, პროგრესი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თანაბრად არ ნაწილდება. მონაცემები აჩვენებს, რომ AI-ის დანერგვა გლობალურ ჩრდილოეთში თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე გლობალურ სამხრეთში. 2025 წლის ბოლოსთვის, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 24.7% გლობალურ ჩრდილოეთში იყენებდა AI ინსტრუმენტებს, მაშინ როდესაც გლობალურ სამხრეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.1% იყო, რაც ტექნოლოგიური უთანასწორობის გაღრმავებაზე მიუთითებს.

რეიტინგის სათავეში ლიდერობას კვლავ არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს - 2025 წლის ბოლოს AI-ს იყენებდა შრომისუნარიანი მოსახლეობის 64%, რაც წინა ნახევარ წელთან შედარებით ზრდას ნიშნავს. მეორე ადგილზეა სინგაპური (60.9%), შემდეგ კი ნორვეგია, ირლანდია, საფრანგეთი და ესპანეთი.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ლიდერობს AI ინფრასტრუქტურისა და მოწინავე მოდელების განვითარებაში, გამოყენების მასშტაბით ის რეიტინგში 24-ე ადგილს იკავებს. ქვეყანაში AI-ს იყენებს მოსახლეობის დაახლოებით 28.3%, რაც ჩამორჩება მცირე, თუმცა უფრო ციფრულად ინტეგრირებულ ეკონომიკებს.
2025 წლის მეორე ნახევრის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი სამხრეთ კორეა გახდა, რომელმაც რეიტინგში შვიდი პოზიციით დაწინაურდა და 18-ე ადგილზე გადაინაცვლა. AI-ის გამოყენება ქვეყანაში 30%-ს გადააჭარბა, რასაც ხელი შეუწყო სახელმწიფო პოლიტიკამ, კორეულ ენაზე მოდელების ხარისხის მკვეთრმა გაუმჯობესებამ და მომხმარებელზე ორიენტირებულმა პროდუქტებმა. სამხრეთ კორეა დღეს ChatGPT-ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია, რის გამოც OpenAI-მ სეული რეგიონალურ ოფისად აირჩია.
გლობალურ ბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გახდა ჩინური ღია კოდის პლატფორმის - DeepSeek-ის სწრაფი ზრდა. MIT ლიცენზიით გამოქვეყნებულმა მოდელმა და სრულიად უფასო ჩატბოტმა მნიშვნელოვნად შეამცირა ფინანსური და ტექნიკური ბარიერები. შედეგად, DeepSeek განსაკუთრებით პოპულარული გახდა აფრიკაში, ჩინეთში, რუსეთში, ირანში და სხვა ბაზრებზე, სადაც დასავლური AI პლატფორმების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ექსპერტების შეფასებით, ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ AI-ის გლობალური გავრცელება სულ უფრო მეტად დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე და არა მხოლოდ ტექნოლოგიურ უპირატესობაზე.

ანგარიშის დასკვნით, მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს უპრეცედენტო სისწრაფით ითვისებს, თუმცა პარალელურად იზრდება რეგიონული განსხვავებები. მთავარი გამოწვევა 2026 წლისთვის იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ AI-ის მომდევნო ტალღამ ტექნოლოგიური სხვაობა შეამციროს და არა კიდევ უფრო გააღრმაოს.
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დონე 2025 წლის მეორე ნახევარში 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში AI ინსტრუმენტებს მოსახლეობის 17.3% იყენებდა, ხოლო წლის მეორე ნახევარში ეს მაჩვენებელი 18.2%-მდე გაიზარდა, რაც ხელოვნური ინტელექტის ეტაპობრივ, თუმცა არც თუ ისე სასურველ გავრცელებაზე მიუთითებს.
