2025 წელი გიდებისთვის ნორმალური წელი აღმოჩნდა, თუმცა როგორც ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTUR-ის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, უმეტეს შემთხვევაში, ტურისტებთან ურთიერთობას სპონტანური ხასიათი ჰქონდა - გიდების მომსახურებას ისინი რამდენიმე დღით ადრე ითხოვდნენ.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ალექსანდრე გიორგიძემ ტურიზმის სექტორში არსებულ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებზეც ისაუბრა. კერძოდ, გიორგიძე მიიჩნევს, რომ საქართველო ნიშური ტურიზმის ქვეყანა უნდა იყოს, რეალური სურათი კი ის არის, რომ ქვეყანა სულ მასტურიზმისკენ იხრება.

„შეცვლილია გეოგრაფია - აზიის ბაზარი კარგია, გაზრდილია ტურისტების რაოდენობა, მაგრამ შემოსავლებში ეს აქტიურად არ აისახება, რადგან კონტურები ჩანს, რომ საქართველო გადადის მასტურიზმზე. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო უნდა იყოს ნიშური ტურიზმის ქვეყანა და არა მასტურიზმის ქვეყანა, რადგან მასტურიზმი დაგვანგრევს და გაგვანადგურებს პირველ რიგში ეთნო კულტურულად. ამის ბევრი მაგალითია მსოფლიოში, თუნდაც ტაილანდი. თუ ადრე ადამიანები იქ ჩადიოდნენ ეგზოტიკისთვის, კარგი ბუნებისთვის, ახლა ჩადიან პროსტიტუციისთვის და ნარკოტიკებისთვის. მასტურიზმს მოაქვს ბევრი ირიბი ცუდი მოვლენა“, - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.

მისივე ინფორმაციით, 2025 წელს კიდევ ერთი არც თუ სასიამოვნო ტენდენცია გამოიკვეთა - ძირითადად, ერთი და იგივე ადგილებია დატვირთული და ტურისტული კომპანიების უდიდესი ნაწილი დივერსიფიცირებაზე არ ზრუნავს.

„ამ შემთხვევაში მივმართავდი არა სახელმწიფოს, არამედ კერძო კომპანიებს, რადგან სამწუხაროდ, არ ხდება დივერსიფიცირება. მუდმივად სიღნაღი, ყაზბეგი, მარტვილის კანიონი, ბორჯომი, რაბათი, ვარძია - ერთსა და იმავე ადგილებში დაჰყავთ სტუმრები. 2025 წლის პირველ ნახევარში ძალიან გაუჭირდა მთას, ივლის-აგვისტოში სიტუაცია კი გამოსწორდა, მაგრამ უკეთესის მოლოდინი იყო. რაც შეეხება მთის კურორტებს, წლებია ერთსა და იმავე პრობლემაზე ვსაუბრობთ - მოუმზადებელი კურორტები, ზოგიერთი საბაგირო არ მუშაობს, საცობებისა და პარკინგის პრობლემა, ნაგავი არ გააქვთ“, - აღნიშნავს ალექსანდრე გიორგიძე.