2026 წლის ივნისიდან გიდების სერტიფიცირების კანონი ამოქმედდება, თუმცა კონკრეტულად რას შეცვლის ეს სიახლე სექტორისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTUR-ის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, რომ როცა საუბარია ნებაყოფლობით სერტიფიცირებაზე, თუ სერტიფიკატი გიდს ხელშესახებ უპირატესობას არ მისცემს, ბევრი მათგანი ამას უბრალოდ არ გააკეთებს.
„მე ვიცი სერტიფიცირებული გიდები, მაგრამ მათი კომპეტენცია, რბილად რომ ვთქვათ, ნულს ქვემოთ არის, მათ შორის, ქართველებზეც მაქვს საუბარი. ამასთან ერთად, ვიცი ისეთი გიდებიც, რომლებსაც სერტიფიკატი არ აქვთ, მაგრამ ძალიან მაგრები არიან. ბევრი საკითხია, რაც გასარკვევია და სათქმელია. უნდა ვიცოდეთ, რა გველის“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.
ალექსანდრე გიორგიძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ ბევრი რამ არის შესაცვლელი. მათ შორის, კანონში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ უცხოელი, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ტურიზმის სექტორში იმუშაოს, შესაბამისი უფლება უნდა მიიღოს. ამასთან ერთად, გიორგიძე მიესალმება, რომ ოპერატორი უნდა დარეგისტრირდეს როგორც გადასახადის გადამხდელი, რაც ამ ეტაპზე ასე არ არის და ათასობით გვერდია სოციალურ ქსელებში, რომლებიც ტურებს ყიდიან, მაგრამ არსად არავინ არაფერს იხდის.
„თუ ადრე იშვიათად და მცირე რაოდენობით იყო უცხოური გიდები და მძღოლები, ალბათ, 10%-ს არ სცდებოდა, ახლა უკვე საკმაოდ გაზრდილია მათი წილი. პირადი დაკვირვებით, იანვარში, თბილისის ტურების დროს დღეში საშუალოდ 15 ჯგუფი მხვდებოდა, მათ შორის 2-3 იყო საქართველოს მოქალაქე ანუ დაახლოებით მეხუთედი, დანარჩენები იყვნენ რუსები, ინდუსები, თურქები, იყვნენ ჩინელები, ტაილანდელები. ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა.
რაც შეეხება გიდების კომპეტენციას, აქ ცოტა რთულად არის საკითხი - როცა სერტიფიცირებაზეა საუბარი, რადგან არსებობს გიდების რამდენიმე ასოციაცია, რომლებიც გასცემენ სერტიფიკატს, ასევე, არის ათეული კერძო ტურისტული კომპანია, რომელსაც ასევე შეუძლია სერტიფიკატის გაცემა. თუ არ განისაზღვრა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გიდი და როგორი უნდა იყოს, სერტიფიკატი უბრალოდ სიმბოლური იქნება, როგორც უამრავი ადამიანია ორი დიპლომით, მაგრამ სათანადო ცოდნა არ გააჩნია“, - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.