მსოფლიო წესებისა და საერთაშორისო სამართლისგან გადახვევას განიცდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იმპერიული ამბიციები ხელახლა იჩენს თავს.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ავტოკრატიისკენ გადახრას“ და იმ ფაქტს გმობს, რომ „კონფლიქტები ნორმად იქცა.“
„ეს არის გადასვლა მსოფლიოში წესების გარეშე, სადაც საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშაა გათელილი და სადაც ერთადერთი კანონი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის ყველაზე ძლიერის კანონი და იმპერიული ამბიციები ხელახლა იჩენს თავს,“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით უკიდურესი დესტაბილიზაციის ფაზაშია.
ამასთან, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს. თუმცა, მისივე თქმით, ევროპას წინააღმდეგობის გასაწევად ძლიერი ინსტრუმენტები გააჩნია.
„ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ჩვენ ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ჩვენ პატივს არ გვცემენ და თამაშის წესებს არ იცავენ,“ – აღნიშნა მაკრონმა.