სამშენებლო სექტორში ანაზღაურებების ზრდა გრძელდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად თოიძემ განუცხადა, მიზეზი მიმდინარე პროექტების სიმრავლე და კადრების დეფიციტია, რის გამოც, ბიზნესსექტორს უწევს თანამშრომლების შესანარჩუნებლად, ან ახალი კადრების მოსაზიდად, ხელფასები გაზარდოს.
ზვიად თოიძის ინფორმაციით, სექტორში ანაზღაურებების ინტენსიური ზრდა განსაკუთრებით ბოლო სამი წელია შეინიშნება. მისივე თქმით, მოთხოვნა კადრებზე როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე ბიზნესსექტორიდან ძალიან დიდია და აჭარბებს მიწოდებას. განსაკუთრებით დეფიციტურია კვალიფიციური მუშახელი.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში ამბობენ იმასაც, რომ საკადრო დეფიციტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მიგრაციაც გახდა. თუმცა, მთავარი ფაქტორი, მაინც წლიდან წლამდე მზარდი სამშენებლო პროექტების რიცხვია, რაზეც "საქსტატის" ოფიციალური მაჩვენებლებიც მიუთითებს. კერძოდ, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში გაცემულია 2 358 ნებართვა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ზე მეტით შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც მაღალი მონაცემია. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში ნებართვები უმეტესად გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტებისა და სასტუმროების მშენებლობაზე.
რაც შეეხება ანაზღაურებებს, ასევე "საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მარტში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, წინა წლის მარტთან შედარებით, თითქმის 23%-ით გაიზარდა.
ანაზღაურებების მსგავსად, სექტორში გაზრდილია სამშენებლო მასალების ღირებულებაც, რაც საბოლოო ჯამში, აისახა მშენებლობის ინდექსის ზრდაზე. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2024 წლის მარტთან შედარებით, 6.3 პროცენტით გაიზარდა. უშუალოდ სამშენებლო მასალები კი წლიურ ჭრილში თითქმის 3%-ით არის გაძვირებული.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად თოიძე აღნიშნავს, რომ სამშენებლო მასალების ჯამურად 3 პროცენტიანი ზრდა მაღალი მაჩვენებელი არ არის, თუმცა არის რიგი მასალები, რომლებზეც ფასებმა მკვეთრად აიწია. მათ შორის სახელდება ბეტონი და არმატურა.
„მიმდინარე წელს, ტონა არმატურაზე ფასი, საშუალოდ, 150-250 დოლარით არის გაზრდილი, რაც მშენებლებს მძიმე ტვირთად აწვებათ. უნდა ითქვას, რომ არმატურის გაძვირება ახალ რეგულაციას უკავშირდება. კერძოდ, წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად, იმპორტირებული არმატურა დაიბეგრა. კერძოდ, ერთი ტონა არმატურის იმპორტზე მოსაკრებელი 420 ლარით განისაზღვრა“, - განმარტა ზვიად თოიძემ.
ცნობისთვის, არმატურის იმპორტზე გადასახადი ძალაში 25 იანვრიდან შევიდა და არსებული ინფორმაციით, 1-ელ სექტემბრამდე იმოქმედებს.