კაფე „არტ ბულვარი“ – იგივე „ჩაიხანა“ ფასადის ცვლილების ნაცვლად ექვემდებარება დემონტაჟს, როგორც ვიზუალით და ფუნქციით შეუსაბამო ობიექტი. მშენებარე რესტორანი „სან-რემო“ კი ბულვარის განაშენიანების გეგმაში აისახა, როგორც არსებული ობიექტი.

გარდა ამისა, „ჰოლანდიური სახლი“ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, ნაცვლად ფასადის ცვლილებისა – გადაწყვიტა ბათუმის მერიამ და საკრებულოც დაეთანხმა.

30 მარტს ბათუმის მერიის მიერ დაინიცირებული ეს ცვლილებები საკრებულომ 2022 წელს დამტკიცებულ გენგეგმაში ასახა.

ეს არ არის პირველი და, როგორც ჩანს, არც ბოლო ცვლილება, რომელიც მერიამ საკრებულოსთან ერთად დოკუმენტში შეიტანა ისე, რომ გენგემის ავტორებისთვის არაფერი უკითხავს. ცხადია, არც საზოგადოებისთვის აუხსნია, ვისი ინტერესების გათვალისწინებით ცვლიან დოკუმენტს, რომელზეც სპეციალისტებმა იმუშავეს და რომლის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონი ლარი დაიხარჯა.

არც საკრებულოსთვის წარდგენილ განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში და არც საკრებულოს სხდომაზე არავის განუმარტავს, რატომ არის „სან-რემო“ თავისი ახალი ვიზუალით შესაბამისი და „არტ ბულვარი“ შეუსაბამო. 

მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, არჩილ გირკელიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ დოკუმენტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ისე შეცვლის, როგორც ეს საქმეს დასჭირდება.

„ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბულვარის გენერალური გეგმა წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას და ჩვენ, როგორც ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, ვალდებულები ვართ გავითვალისწინოთ, როგორც სამართლებრივი, ასევე ისტორიულ-არქიტექტურული პრინციპები. მოვამზადოთ წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ საკრებულოს გენგეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით“, – უთხრა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ახალდანიშნულმა უფროსმა, არჩილ გირკელიძემ საკრებულოს წევრებს, როცა სხდომაზე ცვლილების შესახებ ეს დოკუმენტი წარადგინა.

მეტიც, არჩილ გირკელიძემ სხდომაზე ფაქტობრივად დააანონსა, რომ ცვლილებები ბულვარის გენგემაში კიდევ იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ დრომდე მიმდინარეობს დამტკიცებული გენგეგმით განსაზღვრული შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟი, ასევე რამდენიმე ობიექტთან მიმართებაში წარმოებს სამართლებრივი პროცედურები და მათი სტატუსის დაზუსტების შემდეგ შევა დამატებითი ცვლილებები გენგემაში, რომლებსაც, სავარაუდოდ, შემდეგ სხდომებზე წარმოგიდგენთ.“

სხდომაზე მსხდომ „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს ამ საკითხზე არც პრეტენზია გამოუთქვამთ და არც კითხვები გასჩენიათ. საკითხის ასე დასმა მხოლოდ ოპოზიციამ გააპროტესტა.

„კი, არის ჩვენი საკუთრება, მაგრამ ჩვენს ჭკუაზე თუ შეგვეძლო იმის განსაზღვრა, რა იყო შესაბამისი და რა იყო შეუსაბამო, ამის დადგენა ექსპერტების გარეშე, ის დოკუმენტი რატომ გავაკეთებინეთ? – შეგახსენებთ ბატონო არჩილ, „ბაუ დიზაინის“ მთავარი რეკომენდაციაა, რომ ბულვარის სანაპირო ზოლში ე.წ. ყველა ფუნდამენტური ნაგებობა არის შეუსაბამო ბულვარის განვითარებასთან… რატომ არის ესენი შეუსაბამო და „სან-რემო“ შესაბამისი? ამ დოკუმენტში ასიათასობით ლარი გვაქვს გადახდილი. თუ ჩვენს ჭკუაზე უნდა გვეჭრა და და გვეკერა, რანაირი დოკუმენტია და რა აზრი აქვს მაშინ ასე მის მიღებას? “ – იკითხა ვაჟა დარჩიამ „ლელოდან“.

მშენებარე “სან რემო” ბათუმის პლაჟზე

მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის ახალდანიშნულმა უფროსმა, არჩილ გირკელიძემ საკრებულოს წევრებს განუმარტა, რომ საქმე სამართლებრივ საკითხებთან, ანუ ჯერ კიდევ მოქმედ იჯარებთან გვაქვს:

„სამართლებრივი პრინციპები დადგენილ გენგეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში არსებობს მოქმედი იჯარა. ამ იჯარაში ამავე საკრებულოს პროექტით ცვლილებები შედის – 2067 წლამდე ექნება მესაკუთრეს მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება, მათ შორის რესტორნის რეკონსტრუქციის უფლება. ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა ნებართვის გაცემაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობის სამართლებრივად დადგენაზე, რაც გვაქვს ამ და სხვა ობიექტებთან მიმართებაში.“

ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. 27 სექტემბერს ხელშეკრულება „ბაუ დიზაინთან“ გააფორმეს. ამ კომპანიასთან ერთად იმუშავა „ურბიტექტურამ“.

დოკუმენტის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, გენგემა ბულვარის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, ჩატარდა საჯარო განხილვები, რამდენიმე საკითხი კონსულტაციების შემდეგ დააზუსტეს, საბოლოოდ კი ბათუმის საკრებულომ ბულვარის განაშენიანების გეგმა 2022 წელს ხმაურისა და პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ეს იმის გამო, რომ მის დამტკიცებამდე დოკუმენტში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტის შესახებ არსებული ჩანაწერი ამოიღეს. ამ ჩანაწერის მიხედვით, ამბასადორის მშენებარე შენობა ბულვარისთვის შეუსაბამო ობიექტი იყო.

დოკუმენტი დაამტკიცეს, თუმცა მისი აღსრულება არ დაწყებულა – როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში განმარტავდნენ, რომ მას ეტაპობრივად აღასრულებდნენ. მეტიც, ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციებს მერია გადაწყვეტილებების მიღების დროს გაითვალისწინებდა. იმავეს ამბობდნენ მერიაში.

დღეს კი ბათუმის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის ახალდანიშნული სამსახურის უფროსი საკრებულოს განუმარტავს, რომ ბულვარში ანგრევენ იმ ობიექტებს, რომელთა მფლობელებსაც საქმის მოგვარების „ბერკეტი არ აქვთ“ და არ ეხებიან მათ, ვისაც ამის „ბერკეტი აქვს“…

„რაც თქვენც ახსენეთ, დემონტაჟი რომ მიმდინარეობს და ბევრი ობიექტი უკვე აღარ არსებობს ბულვარში, კიდევ გრძელდება ეს პროცესი. იქ არ ჰქონდათ ყოფილ მესაკუთრეებს იმის ბერკეტი, რომ შენარჩუნებულიყო ის, როგორც ნებართვიანი ობიექტი და მაგიტომაც დაინგრა.“ – განუმარტა არჩილ გირკელიძემ საკრებულოს წევრებს.

ბათუმის ბულვარში მიმდინარე პროცესი კარგად აჩვენებს, რომ საქმის „მოგვარების ბერკეტს“, როგორც ამას მერიის სამსახურის უფროსი უწოდებს, დიდი ფულის ძალა განაპირობებს: მოაგვარა შპს „ბათუმი ამბასადორმა“, რომელიც მაღალბიუჯეტიანი კომპანიაა და მოაგვარა „სან-რემომ“, რომელსაც ფლობს კომპანია „ხიდი 2006“, ანუ ედნარ პაპუნაიშვილი. მისი კომპანიები ბათუმში არაერთ მაღალბიუჯეტიან კომპლექსს აშენებენ.

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საქმე ისეთი „დიდი ფულის ძალასთან“ გვაქვს, რომელსაც შეუძლია ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე 1 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 50-წლიანი იჯარით მიიღოს.

რაც შეეხება იჯარას.

„სან რემოს“ მფლობელმა კომპანიამ – შპს „ხიდი 2006“-მა ბათუმის მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ზღვისპირა პლაჟი – 11 138 კვ.მეტრი და მასზე განთავსებული შენობა პირდაპირი წესით და პირობით გადასცეს.

შპს „ხიდი 2006“-თან გაფორმებული ხელშეკრულება, ბათუმში, რუსთაველის ქ. №34-ში მდებარე პირსის გაფართოებასა და ღამის კლუბების მოწყობას ითვალისწინებდა. ხელშეკრუ­ლების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის ოქტომბრისა და დასრულებულიყო არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.

კომპანიას ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ნებართვები შესაბამისი უწყებებიდან კანონით გათვალისწინებული წესით უნდა მოეპოვებინა.

შპს ,,ხიდი 2006“-მა მშენებლობა მითითებულ ვადაში ვერ დაიწყო. როგორც საკრებულოს განმარტებით ბარათშია მოცემული, პროექტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიწუნა, რომელმაც დაწერა:

„სან-რემოს რესტორნის პირსის და შენობის სხვა ნაწილების რეკონსტრუქცია შესაძლებელია არსებული მოცულობების პირობებში ხიმინჯების რაოდენობის მომატების გარეშე. მდგრადობის მისაღწევად შესაძლებელია დეფორმირებული ხიმინჯების შეცვლა. სართულიანობის გაზრდის საჭიროების შემთხვევაში საჭიროა არსებული პირსისა და კარკასის დემონტაჟი და არსებული წესებისა და ნორმების, ზღვის სანაპიროს ჰიდრო და მორფოდინამიკური პირობების გათვალისწინებით ახალი პროექტის შედგენა.“

2019 წელს კომპანიამ შენიშვნების გასათვალისწინებლად ახალი ვადა მოითხოვა, შესაბამისი ცვლილება ხელშეკრულებაში მერიამ საკრებულოს თანხმობით შეიტანა – 2019 წლის ოქტომბერში. ამ დროს ბულვარის გეგნგეგმის მომზადებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო.

2019 წლის დეკემბერში კომპანია მერიას ხელშეკრულებაში ცვლილებაზე შეუთანხმდა. კომპანიას პირსის რეკოსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოების ვადად 2021 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრეს. კომპანიმ 2020 წლის თებერვალში მშენებლობის ნებართვაც მიიღო. ამ დროს ბულვარის გენგეგმაზე მუშაობა დაწყებული იყო, პროექტში შემდეგი ცვლილების დროს კი – დამტკიცებული.

გასული წლის მარტში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს სწერდა, რომ პროექტს სჭირდებოდა მთელი რიგი ღონისძიებები სახანძრო უსაფრთხოებისთვის. 2025 წლის აგვისტოში კომპანიას ამ შენიშვნების გათვალისწინება წერილობით მოსთხოვეს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეასრულა კომპანიამ მოთხოვნები სახანძრო უსაფრთხოებაზე.

batumelebi.netgazeti.ge