„ბოლო დღეების განმავლობაში შემხვდა, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ჩემი ნათქვამის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს მე სადმე ვთქვი, რომ გაჭიანურებული პროექტები გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ გვინდა ხარისხიანი პროდუქტის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როდესაც არჩევანი დგას ხარისხსა და დროს შორის, მხოლოდ იმისთვის, რომ ობიექტი დროულად დასრულებულად ჩაითვალოს, ეს ხარისხის ხარჯზე ვერ მოხდება“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხისა და მათი დროულად დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, თითქოს პროექტების გაჭიანურების მიზეზი ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნის სურვილია.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ხარისხი სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროექტების დაგვიანება ამ მიზეზით უნდა გამართლდეს. მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს როგორც მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა, ისე ობიექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც წლების განმავლობაში იქნება გამძლე და ფუნქციური. მისივე თქმით, საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საფუძველია შემთხვევები, როდესაც ახლადრეაბილიტირებული გზა ან სკოლა მალევე კვლავ საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, ავაშენოთ და შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც წლებს გაუძლებს. ხშირად მოისმენთ, რომ გზა რამდენიმე ხნის წინ დაიგო და ხელახლა არის გასაკეთებელი, სკოლა რეაბილიტირდა და კვლავ სარეაბილიტაციოა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საზოგადოების გულისწყრომა აბსოლუტურად სამართლიანია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარ მოხდეს’’- აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია ისეთი კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის შექმნა, რომელიც არაკეთილსინდისიერ კომპანიებს უხარისხო სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას არ მისცემს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული პროექტების დროული დასრულების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პასუხისმგებლობას სახელმწიფო სრულად აცნობიერებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებისა და გზების დროულად დასრულება და მათი ექსპლუატაციაში დროულად შესვლა.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველა პროექტი დროულად ჩაბარდეს. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა სკოლები და გზები, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროექტები დროულად დასრულდეს და დროულად შევიდეს ექსპლუატაციაში“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს