თავისუფლება არის უმთავრესი ღირებულება, რომლის მოპოვებასა და შენარჩუნებას მუდმივი ბრძოლა, სიმამაცე და გამბედაობა სჭირდება. ამასთანავე, გამარჯვება გარდაუვალია თუ თავისუფლებისთვის იბრძვი. ისტორიამ ბევრი გმირი, საოცარი ჰეროიკული ამბავი თუ გამარჯვებათა ბრწყინვალე ისტორიები შემოგვინახა, რომელთა დიდების პატივსაცემად სხვადასხვა ქალაქში ხელოვნების ნიმუშებად აღმართულია სკულპტურები და მონუმენტები, რომლებიც მხოლოდ ქვისა და ბრინჯაოს ნამუშევრები კი არა, არამედ იმ ადამიანთა ხსოვნის ფრაგმენტებია, რომლებმაც გადალახეს დაბრკოლებები და გამარჯვებისა თუ უკეთესი მომავლის იმედი დაამკვიდრეს.
ეს მონუმენტები განსხვავებულად ჰყვებიან ისტორიებს: ზოგს სიმამაცე აერთიანებს, ზოგს თავისუფლების წყურვილი, სხვებს — ერთიანობის ძალა. მათი დანიშნულება ერთია — არ გაქრეს იმ ადამიანთა ხსოვნა, რომლებმაც ხალხს თავისუფლება მოუტანეს.
9 აპრილის მემორიალი, თბილისი
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული მემორიალი ეძღვნება 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივად დარბევისას ტრაგიკულად დაღუპულ გმირებს.
მემორიალი პატივს მიაგებს იმ 21 ადამიანს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ. ის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა და მუდმივად ახსენებს ხალხს იმ მსხვერპლს, რაც ქვეყანამ სუვერენიტეტის მოპოვებისთვის გაიღო. აქედან გამომდინარე, ის არ არის მხოლოდ ტრაგიკული წარსულის ხსოვნის ნიშანი, არამედ ქვეყნის თავისუფლებისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა.
ნელსონ მანდელას მონუმენტი, იოჰანესბურგი
ნელსონ მანდელას მონუმენტი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური ძეგლია, რომელიც მანდელას ცხოვრების, ბრძოლებისა და მიღწევების პატივსაცემად შეიქმნა. მანდელა სამხრეთ აფრიკის აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლისას მთავარი ფიგურა იყო და სამხრეთ აფრიკელი ხალხის თავისუფლებისთვის მისი 27-წლიანი პატიმრობა უდიდეს მსხვერპლად არის მიჩნეული. მონუმენტი აღიმათა სწორედ იმ ადგილას, სადაც დააპატიმრეს და საიდანაც დაიწყო გზა, რომელიც საბოლოოდ დემოკრატიისკენ და თანასწორობისკენ მიემართებოდა. დღეს კი ნელსონ მანდელა მიიჩნევა არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკის, არამედ მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და თანასწორობის მთავარ სიმბოლოდ.
მონუმენტი 2012 წელს გაიხსნა და შედგება 50 ვერტიკალური ფოლადისგან, რომელთა თითოეული სვეტი მანდელას ცხოვრების გზის მრავალწახნაგოვნებას გამოხატავს.როდესაც მონუმენტს უყურებთ სწორი კუთხიდან, ფოლადის სვეტები ერთად ქმნის ნელსონ მანდელას პროფილის გამოსახულებას. ამგვარი დიზაინი ასახავს იმ იდეას, რომ მანდელას ხსოვნა მხოლოდ გარკვეული პერსპექტივით შეიძლება სრულად აღიქმებოდეს.
მონუმენტი არ არის მხოლოდ მანდელას პატივისცემა, არამედ არის ვიზუალური შეხსენება სამხრეთ აფრიკის ხალხის ბრძოლისა და თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ. ადამიანები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ ამ მონუმენტს, რათა ნახონ განსაკუთრებული ნამუშევარი, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალური შთაბეჭდილებით გამოირჩევა, არამედ ღრმა ემოციურ მუხტსაც ატარებს.
მონუმენტი ერთგვარი მოწოდებაა შერიგებისა და თანასწორობისკენ. ის გვახსენებს, რომ ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის არასდროს არის უშედეგო და რომ ერთი ადამიანის იდეები და მსხვერპლი შეიძლება ერის ტრანსფორმაციის საფუძველი გახდეს.
ტრიუმფალური თაღი, პარიზი
ტრიუმფალური თაღი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონუმენტია, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტმა, 1806 წელს, აუსტერლიცის ბრძოლაში ფრანგული არმიის გამარჯვების აღსანიშნავად დაუკვეთა. მშენებლობა 30 წლის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო საბოლოო ღირებულებად 10 000 000 ფრანკი (დაახლოებით 65 მილიონი ევრო) სახელდება. თაღი წარმოადგენს საფრანგეთის სამხედრო ძლიერების სიმბოლოს და ამოტვიფრული აქვს 558 გენერლისა და რამდენიმე ბრძოლის სახელი.
თაღი აშენებულია ნეოკლასიციზმის სტილში, რაც განაპირობებს მის სიმტკიცესა და გრანდიოზულობას. სიმაღლე 50, სიგანე კი 45 მეტრია, ხოლო თაღზე ოთხი ქანდაკება დგას. დღეს კი ტრიუმფალური თაღი საფრანგეთის ეროვნული ღონისძიებების ცენტრია, სადაც ყოველწლიურად ტარდება ცერემონიები.
თავისუფლების ქანდაკება, ნიუ-იორკი
თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, რომელიც 1886 წელს, ამერიკის დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავად საფრანგეთისგან მიიღეს საჩუქრად. ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი, ხოლო შიდა სტრუქტურა გუსტავ ეიფელმა დააპროექტა. მონუმენტი ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან, ვიდრე თვითმფრინავს გამოიგონებდნენ, გემით ამერიკისკენ მიმავალი ასი ათასობით ემიგრანტისთვის, ის იყო პირველი ნიშანი, რომელსაც ოკეანის გადალახვის შემდეგ ხედავდნენ და იქცა იმედის, ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ.
93 მეტრიანი ქანდაკების შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს. ქანდაკება წარმოადგენს თავისუფლების ქალღმერთს, ხელში ჩირაღდნითა და სამართლის წიგნით, რომელზეც ამოტვიფრულია 1776 წლის 4 ივლისი — ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღი.
თავისუფლების მონუმენტი, რიგა
თავისუფლების მონუმენტი 1935 წელს გაიხსნა, ლატვიის დამოუკიდებლობის მიღებიდან 17 წლის შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ომის გმირთა პატივსაცემად. ლატვიისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აღნიშნავს.
თავისუფლების მონუმენტი გახდა არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის, არამედ პოლიტიკური პროტესტებისა და დამოუკიდებლობის მოძრაობების მთავარი ადგილი საბჭოთა ოკუპაციის დროს.
აზადის კოშკი, თეირანი
აზადის კოშკი, ასევე ცნობილი როგორც შაჰიადის კოშკი, თეირანში მდებარე საკულტო ღირსშესანიშნაობაა. კოშკი ირანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობად ნაგებობას წარმოადგენს. თეთრი მარმარილოსგან დამზადებული 45 მეტრიანი კოშკი თანამედროვე სპარსული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშია. ფასადს სპარსული დამწერლობით ამშვენებს სიტყვა ,,აზადი” (თავისუფლება).
კოშკის ინტერიერში განთავსებულია მუზეუმი, რომელიც ასახავს ირანის ისტორიასა და კულტურას, განთავსებულია უძველეს არტეფაქტები, ტრადიციული კოსტიუმები და ხელოვნების ნიმუშები.
Independence Hall, ფილადელფია
ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა ამერიკის ისტორიაში, რომელიც ცნობილია, როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და აშშ-ის კონსტიტუციის დაბადების ადგილი. აშენდა 1759 წელს და განკუთვნილი იყო პენსილვანიის საკანონმდებლო ორგანოსთვის. აქ მიმდინარეობდა მეორე კონტინენტური კონგრესი და 1787 წლის კონსტიტუციური ყრილობა. ნაგებობა განეკუთვნება დამოუკიდებლობის ეროვნულ პარკს და 1979 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
ნელსონის სვეტი (Nelson's Column), ლონდონი
ტრაფალგარის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სიმბოლური მონუმენტი, რომელიც პატივს მიაგებს ბრიტანეთის საზღვაო ძლიერებასა და ადმირალ ჰორაციო ნელსონის გმირობას. სვეტი აგებულია ტრაფალგარის ბრძოლის (1805) აღსანიშნავად, როდესაც ბრიტანეთის ფლოტი ესპანურ და ფრანგულ ფლოტებს დაუპირისპირდა. ეს გამარჯვება უზრუნველყოფდა ბრიტანეთის საზღვაო ჰეგემონიასა და ევროპისგან კუნძულის დაცვას.
ხსოვნის ქანდაკება, ბრიუსელი
ხსოვნის ქანდაკება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული სიმბოლოა, რომელიც დამოუკიდებლობის, ეროვნული ერთიანობისა და კონსტიტუციური მონარქიის აღსანიშნავად აშენდა. ის ასევე პატივს მიაგებს იმ გმირებს, რომლებიც ბელგიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაიღუპნენ.
მიგელ იდალგოს მონუმენტი, მექსიკა
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური ძეგლია, რომელიც ეძღვნება მექსიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წამყვან ფიგურას მიგელ იდალგოს. ის ცნობილი იყო, როგორც მექსიკის დამოუკიდებლობის მოძრაობის "მამა" და მისი 1810 წლის მოწოდება დამოუკიდებლობისთვის, სახელწოდებით „გრიტო დე დოლორეს“ (დოლორესის შეძახილი), ეროვნული თავისუფლების სიმბოლო გახდა.