თბილისის მერი, კახა კალაძე აპირებს რუსთაველის გამზირი სამშენებლო მოედნად აქციოს. კალაძუის უწყებამ რუსთაველის რეაბილიტაციისთვის ტენდერები ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, თუმცა, "ტვ პირველი" ამტკიცებს, რომ მერიას ორივე ტენდერი ჩაუვარდა. მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციების ფონზე, რუსთაველის გამზირის გადათხრის და იქ მასშტაბური რეაბილიტაციის საკუთარ თავზე აღების სურვილი ბიზნეს არ ჰქონდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გარკვევით წერია, რომ 4-იდან ორ ლოტზე კონკურსი არ შედგა. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე და შემდეგ თავისუფლების მოედნამდე კალაძე საგზაო სამუშაოებს ვერ იწყებს. კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად ქვეყნის მთავარ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებით, მერს სურდა ასე მაინც შეეშალა ხელი დემონსტრაციებისთვის, რომელიც, თითქმის, ორი თვეა არ წყდება, მაგრამ კალაძეს გეგმა ჩაუვარდა, რადგან “ოცნებასთან“ საქმის დაჭერა რეჟიმთან ასოცირებულ ბიზნესსაც კი აღარ სურს.

დედაქალაქის მერიამ 28 მილიონიანი შესყიდვა 24 დეკემბერს გამოაცხადა, სამუშაოები 4 ნაწილად დაიყო - 14 იანვრამდე კომპანიებს ჰქონდათ ვადა, თუმცა 4-დან 2 ტენდერში მონაწილეობაზე არავინ დათანხმდა. ასე ჩაიშალა 16 მილიონის შესყიდვები.

კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ კალაძე ახლა ეცდება ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესს გაურიგდეს და კორუფციული ინტერესების სანაცვლოდ მაინც დაითანხმოს რეაბილიტაციის დაწყებაზე. მერი აანონსებს, რომ სამუშაოებს მაინც მალე დაიწყებს.

ახალი შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. კომპანიებს ამჯერად 5 თებერვლამდე აქვთ ვადა მერის დავალების შესრულებას დათანხმდნენ და რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაიწყონ.

წყარო: tv pirveli

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ ჩავარდნილა. როგორც მან 17 იანვარს მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ტენდერი ოთხ ლოტად იყო გამოცხადებული, ორ მათგანზე გამარჯვებული  კომპანიები უკვე არის, ორზეც უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„არაფერი ჩაშლილა. ტენდერი არ ჩავარდნილა. რამდენიმე ლოტზე იყო გამოცხადებული ტენდერი. იცით, რომ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი. შესაბამისად, ოთხ ლოტად გვქონდა გამოცხადებული. აქედან ორ მათგანზე უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, ორზე კი გარკვეული შეუსაბამობები იყო. ამის გამო კომპანიებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, ხელახლა ჩატარდება და გამარჯვებული კომპანიებიც გვეყოლება და მალევე საუშაოებსაც დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.