რუსთაველის რეაბილიტაციის 4 ტენდერიდან ორი პრეტენდენტის არ არსებობის გამო ჩავარდა. ორის შემთხვევაში კი, ერთადერთი პრეტენდენტი შპს დინ გრუპია.

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის დაანონსებული რეაბილიტაციის ფარგლებში 4 ტენდერი 2024 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარი იყო. წინადადებების მიღება დღეს, 14 იანვარს დასრულდა.

პრეტენდენტის არ არსებობის გამო ვერ შედგა 8.7 მილიონიანი ტენდერი, რომელიც ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავდა.

ასევე, იმავე მიზეზით ჩავარდა 6.8 მლნ-ს ღირებულების ტენდერი ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობდა.

4.3 მლნ-ს [თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია] და 8.4 მლნ-ს [მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაცია] ტენდერების შემთხვევაში პრეტენდენტი მხოლოდ ერთი კომპანია შპს დინ გრუპია. ახლა, შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

ერთადერთი პრეტენდენტი კომპანიის წილის 75%-ს ნიკოლოზ ეპიტაშვილი ფლობს, 25%-ს ვახტანგ ამაშუკელი. კომპანიას 70.7 მლნ აშშ დოლარის ტენდერები აქვს მოგებული. სულ 278 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 74%-ში გაიმარჯვა.

მოგებულ შესყიდვებს შორისაა, ისნის რაიონის გამგეობის რეაბილიტაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტები და სხვადასხვა რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული სამშენებლო და რეაბილიტაციის სამუშაოები.

ოფიციალური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ნიკოლოზ ეპიტაშვილს არც ერთი პარტიისთვის თანხა არ შეუწირავს. რაც შეეხება ვახტანგ ამაშუკელს, მან პოლიტიკური დონაცია 3-ჯერ განახორციელა. ბოლოს, "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი 2024 წლის სექტემბერში შესწირა. იქამდე, 2016 წლის სექტემბერში 15 500 ლარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის". ამავე წელს და ამავე თვეს აქვს შეწირული 15 500 ლარი მაჭუტაძის "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"

bm.ge