უკვე 13-ე დღეა კალიფორნია ცეცხლის ალშია გახვეული. იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. ხანძარს უკვე 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ზარალი 150 მილიარდს აღწევს. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასი ათასამდე ადამიანი.
ცეცხლი ჰოლივუდსაც მიუახლოვდა და იქაურობა ფილმის სცენარს დაემსგავსა. ლოს-ანჯელესის ოლქში არა მხოლოდ სახლები, არამედ კვარტლებია გადამწვარი, მათ შორის, ელიტური უბნებიც. ჯეკ ნიკოლსონი, მელ გიბსონი, ენტონი ჰოპკინსი, პერის ჰილტონი - ცნობილი ადამიანების სია, რომლებმაც ხანძრის შედეგად სახლები და ქონება დაკარგეს ძალიან ვრცელია.
გამანადგურებელმა ხანძარმა ერთ-ერთ კალიფორნიელ კაცს სახლი მთლიანად დაუწვა, მაგრამ თითქოს მეორედ დაიბადა მაშინ, როცა საყვარელი ოთხფეხა მეგობარი, "ორეო" დაინახა. ის რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ემოციებიც შესაბამისი იყო.
ანგელოზების ქალაქში, ხანძარმა ოჯახში ორი ადამიანის სიცოცხლე ტრაგიკულად შეიწირა. 67 წლის პენსიონერს ფეხი ამპუტირებული ჰქონდა, ეტლით მოსარგებლე იყო. მიტჩელი ალტადენაში ცერებრალური დამბლის მქონე 20 წლის შვილთან ჯასტინთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც ხანძარი პუნქტს მოედო, მან შვილის მიტოვებაზე უარი თქვა და მასთან ერთად დაიღუპა. მაშველებმა მიტჩელის ცხედარი მისი შვილის საწოლთან იპოვეს.
ქალაქში 12 000-ზე მეტი სახლია განადგურებული. იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ადამიანები ცხოვრობდნენ, ახლა ყველაფერი მიწასთან გასწორებულია, მიმოფანტულია, ნახევრად დამწვარი საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვის სათამაშოები, მანქანები... რამდენიმე დღეა ხანძრის გამანადგურებელ შედეგებს ადგილზე აკვირდებიან ქართველი ბლოგერებიც.
მასშტაბურმა ხანძარმა, რომელიც მეცამეტე დღეა მძვინვარებს, ათასობით სახლი და ნაგებობა გაანადგურა, მათ შორის ელიტურ უბნებში და პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჰოლივუდამდეც მიაღწია. აქაურობა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს დაემსგავსა
აპოკალიფსი ჰოლივუდში - ამ სიტყვებით შეაფასეს ამერიკელებმა თავს დამტყდარი სტიქია. დაზარალებულთა შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები და მილიარდერები.
ვილა დაეწვათ ამერიკელ მსახიობებს ადამ ბროდსა და ლეიტონ მესტერს. მსახიობ ანა ფერისს. მილიარდერ პერის ჰილტონს. მედიის ინფორმაციით, ხანძარმა მთლიანად განადგურა 87 წლის მსახიობ ენტონი ჰოპკინსის სახლი.
გამანადგურებელ ხანძარს ვერც ამერიკის პრეზიდენტის ოჯახის წევრები გადაურჩენენ. მედიაში გავრცელდა ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის განადგურებულ დამწვარი სახლისა და მანქანის ფოტოები.
ასეთი მასშტაბის სტიქიური უბედურება შტატს არ ახსოვს. მეხანძრეები ლოს-ანჯელესის ქუჩებში მასშტაბურ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ცეცხლი რამდენიმე დღის წინ ტყეში გაჩნდა, ძლიერი ხანძრის დროული კონტროლი ვერ მოხერხდა და ის ახლა კალიფორნიის შტატის ყველაზე დასახლებულ ქალაქში მძვინვარებს. ქალაქში, რომელიც ნიუ-იორკის შემდეგ, შეერთებული შტატების უდიდესი ქალაქია.
გამანადგურებელ ხანძარს უკვე შეეწირა 25 ადამიანის სიცოცხლე. ოფიციალურმა პირებმა 10 იანვარს განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ხანძარს მეტად გააკონტროლებენ და საგანგებო სამსახურები შეძლებენ დამწვარი შენობების ნანგრევებში შეღწევას.
თეთრ სახლში მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გაუწიონ მეტი ფედერალური დახმარება ხანძრით ძლიერად დაზარალებულ კალიფორნიულ ქალაქს. ვაშინგტონში ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ერთი დღით ადრე, 9 იანვარს პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თეთრი სახლი შტატს დამატებით რესურსებს და დაფინანსებას მიაწვდის. დახმარება 180 დღის განმავლობაში დროებითი თავშესაფრების მომზადებას, მომწამვლელი ნარჩენების გატანასა და დამატებითი საგანგებო სამსახურების მობილიზაციას მოხმარდება.
ქალაქის შესასვლელში ჰუმანიტარული დახმარებაა მობილიზებული. არიგებენ საკვებსა და ტანსაცმელს.
ამ ეტაპზე, ევაკუირებულია 180 000-ზე მეტი ადამიანი. დამწვარია მიწის ათობით ათას ჰექტარზე განლაგებული შენობები და მიწის ბუნებრივი საფარი. 20 ადამიანი დააკავეს მაროდიორობის ბრალდებით. ისინი მიტოვებულ ვილებს ძარცვავდნენ. ხანძრის კონტროლს და სამაშველო სამუშაოებს აქამდე ძლიერი ქარი უშლიდა ხელს, რომელიც ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, შედარებით დასუსტდა.
რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი შტატში - ამ საკითხზე ფედერალური გამოძიება უკვე მუშაობს. სამართალდამცველების განცხადებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელმაც ჰაიდენჰილზსში განზრახ გააჩინა ხანძარი, დაკავებულია. აიყვანეს კიდევ რამდენიმე პირი.
ქრობის პროცესის პარალელურად რისკის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სტიქიის გავრცელების არეალი 90 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტია. დამანგრეველი ხანძარი კალიფორნიის შტატში 6 იანვარს გაჩნდა.
აშშ-ის კალიფორნიის შტატის სამხრეთში მიმდინარე ტყის ხანძრების შედეგად მიყენებულმა ზარალმა შეიძლება 250-275 მილიარდი დოლარი შეადგინოს, - იტყობინება The Washington Post სამშაბათს, ამინდის საინფორმაციო კომპანიის AccuWeather-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
AccuWeather-მა ადრე შეაფასა, რომ ხანძრებმა 135-დან 150 მილიარდ დოლარამდე ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.
გამოცემა იხსენებს, რომ ორმა უდიდესმა ხანძარმა - ლოს-ანჯელესის დასავლეთით წყნარი ოკეანის პალიზადის რაიონში და ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით მდებარე ალტადინში - გაანადგურა 12 ათასზე მეტი შენობა. კერძოდ, დაიწვა რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი კორპუსი ქვეყანაში - სანტა მონიკასა და მალიბუს შორის. ქონების საშუალო ფასი აქ 2 მილიონი დოლარია.
მიმდინარე ხანძრებმა ზარალის თვალსაზრისით გადააჭარბა აშშ-ს ბოლოდროინდელ კატასტროფებს, როგორიცაა ჰავაის ტყის ხანძარი 2023 წელს და ქარიშხალი ჰელენი 2024 წელს, თქვა AccuWeather-მა.
წყარო: რუსთავი 2