საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას Foxnews-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მასჟურნალისტმა ჰკითხა, რა უნდა იცოდნენ ამერიკელებმა იმ რისკებზე, რაც საქართველოს მთავრობის რუსეთთან, ირანთან და და ჩინეთთან კავშირებს ეხება? ზურაბიშვილმა კითხვას ასე უპასუხა:

"ეს ნიშნავს, რომ ამერიკა კავკასიის ცენტრალურ რეგიონში საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს დაკარგავს. და ეს მხოლოდ კავკასიას არ ეხება – საკითხი შავი ზღვის რეგიონსაც მოიცავს. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ შავი ზღვაა. იგივე მიზანს ემსახურება რუმინეთსა და მოლდოვაში არჩევნების გაყალბების მცდელობები. შავი ზღვა ამერიკისთვის სტრატეგიული სივრცეა. ჩვენ შავ ზღვაში დიდი პორტები გვაქვს, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს. ეს სწორედ იმ დე ფაქტო მთავრობის გეგმებშია, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. ამრიგად, ამ რეგიონში აშშ-ის ინტერესებთან ერთად ევროპის ინტერესებიც სასწორზე დევს".

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ხვალ, შესაძლოა, გახდეს ამერიკის დიდი წარმატება, ან პირიქით – დიდი პრობლემა კავკასიის რეგიონში, სადაც რუსეთს ყოველთვის უპირატესობის მოპოვება სურს.

"მომავალი ადმინისტრაციისთვის ეს მთავარი საკითხი იქნება. ამერიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგა. საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დახმარების მიმღები ქვეყანაა, რადგან ის ამერიკისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესებს, ენერგო, სავაჭრო და ცენტრალური აზიასთან დამაკავშირებელ გზას. ეს არის ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების საყრდენად ითვლებოდა. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ზურაბიშვილს ჰკითხა, რას ეტყოდა რუსეთის პრეზიდენტს.

"ხელები შორს საქართველოსგან, ხელები შორის კავკასიიდან", - ასე მიმართა Fox news-ის პირდაპირი ეთერიდან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს.