ტურიზმთან დაკავშირებით ბიზნესის შეფასება და ოფიციალური სტატისტიკა ურთიერთ წინააღმდეგობრივია. ბიზნესი ნეგატიურ სურათს ხატავს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
„ტურიზმს პულსიც აღარ ესინჯება,“ - ამბობს „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე. როგორც მან თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შეხვედრის (შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ის კომპანიებიც, რომლებიც პლატფორმის ხელმომწერები არ არიან. განხილვის თემა ეკონომიკაზე არსებული სიტუაციის გავლენა) დაწყებამდე განაცხადა, ყველაფერი ინგრევა, რასაც სექტორი წლების განმავლობაში აშენებდა. მისივე შეფასებით, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაა უმძიმეს მდგომარეობაში.
"რაც შეეხება მოლოდინებს, სიტუაცია რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების უმაღლესი პირებიც არიან დასანქცირებული, ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ ისეთი მაღალმხარჯველი ტურისტები, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ ეკონომიკაში შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი. ზოგადად, რასაც წლები ვაშენებდით, ეგ ყველაფერი ახლა ინგრევა,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ტურიზმში შემოსავლების კლებაზე საუბრობენ ზამთრის კურორტებზე მომუშავე ტუროპერატორებიც და კომპანიებიც.
"თვითგადარჩენაზე ვართ გადასული," - ამბობს რადიოგადაცემაში „საქმე“ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი. მისი მტკიცებით, მიმდინარე სეზონზე არც თოვლია და არც დამსვენებლები, რაც, ალიბეგაშვილის შეფასებით, მიუთითებს იმას, რომ აქტივობა, რომელიც ახლა მთის კურორტებზე არის, მხოლოდ სათხილამურო აქტივობებიდან არის გამოწვეული. მისივე თქმით, კურორტებზე არ ჩანან ტურისტები, რომლებსაც საქართველოს შესწავლა და მონახულება უნდა.
„ზამთრის კურორტებისთვის და ზაფხულის და ნეიტრალური კურორტებისთვის აბსსოლუტურად განსხვავებულად მიდის ეს სეზონი. გუდაურსა და ბაკურიანში ნამდვილად მაღალი სეზონია და ბევრი დამსვენებელია. თუმცა, არსებობს ნეიტრალური კურორტებიც. ყაზბეგი მაგალითად არის საქართველოს ლოგოდ ქცეული თავისი მყინვარწვერით, შესაბამისად სეზონურობით არ გამოირჩევა, თუ დიდთოვლიანობა არ არის. დიდთოვლიანობის პერიოდში კი კურორტს უბრალოდ ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება, რადგან გადაადგილება ხდება შეუძლებელი.
მიმდინარე სეზონზე თოვლი არ გვაქვს და არც დამსვენებლები გვყავს, რაც მიუთითებს იმას რომ აქტივობა, რომელიც მთის კურორტებზე არის სათხილამურო აქტივობებიდან არის გამოწვეული და ეს არ არის ტურისტი, რომელსაც საქართველოს შესწავლა და მონახულება უნდა.
ნოემბრიდან მოყოლებული ყაზბეგში ტურისტის დიდი ნაკლებებობაა, ძალიან მაღალია ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი, თითქმის 80%-მდე ავიდა. ამასთან, დაბალი დატვირთულობით გაიყიდა ახალი წლის პერიოდიც. ახლო პერიოდში, აპრილის შუა რიცხვებამდე დადებითს არაფერს ველით, ვართ თვითგადარჩენაზე გადასული,“ - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.
კერძო სექტორის პოზიციას იზიარებს ტურიზმის ექსპერტიც. ვანო ვაშაყმაძე აცხადებს, რომ 2024 წლის დეკემბრის თვე ტურიზმიდან მიღებული შემოსვლების წლიური შემცირების პირველი შემთხვევაა 1995 წლიდან დღემდე, თუ არ ჩავთვლით პანდემიურ წელიწადს. როგორც მან "საქმიან დილას" უთხრა, შემოსავლების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა ვითარებამ იქონია.
"დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა აზარალებს ყველა ეკონომიკურ მიმართულებას, მათ შორის, განსაკუთრებით, ტურიზმს, რომელიც სტუმარმასპინძლობას ეფუძნება და მაღალი კონკურენციით გამოირჩევა, რადგან მოგზაურს არჩევანი აქვს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში წავიდეს.
ბოლო წლებში მომიწია კონსულტირება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაზე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თუ კოვიდის 1.5 წელს ამოვიღებთ, 2024 წლის დეკემბერი პირველი შემთხვევაა, როდესაც კლება დაფიქსირდა წინ წელთან შედარებით. ყველა სხვა წლების შემთხვევაში, დაწყებული 1995 წლიდან, ტურისტული ნაკადები იზრდებოდა რეკორდული მაჩვენებლებით და დაახლოებით 3-4 წელიწადში ორმაგდებოდა - ეს ტენდენცია იყო 2000-დან 2015 წლამდე, აბსოლუტური რეკორდი კი 2019 წელი იყო.
ეს რიცხვები ბევრს გვეუბნება იმ მხრივ, რომ ქვეყანა სწორ გზაზე იდგა განვითარების თვალსაზრისით და ის დოკუმენტები, რომლებიც იქმნებოდა სტრატეგიული დაგეგმარებისთვის, შეიძლება ზუსტად არ სრულდებოდა, მაგრამ ტენდენციას ასახავდა და ასრულდება დანიშნულებას, როგორც მაორიენტირებელი დონორებისთვის, მთავრობისთვის და ინდუსტრიისთვის", - აცხადებს ვანო ვაშაყმაძე.
როგორც ტურიზმის ექსპერტი აღნიშნავს, თუ აქამდე ქვეყნის საგარეო კურსი ღიად დასავლური იყო და ტურიზმით დასავლელ მომხმარებელზე იყო გათვლილი, დღეს ქვეყნის ორიენტირი გაურკვეველია, რაც ინდუსტრიაზე მძიმე დარტყმაა. მისივე თქმით, აქედან გამოსავალი კრიზისის განმუხტვა და სწორად მართვაა.
"დედამიწაზე არსებობს ასეთი კრიზისები და ამ კრიზისად გამოსავლის ძიების სხვადასხვა მოდელები, ალბათ დროა, რომ ინდუსტრია და [ტურიზმის] ადმინისტრაცია დასხდნენ და ერთად ეძებონ გამოსავალი" - ამბობს ექსპერტი.
ვაშაყმაძეს 2025 წლის ტურისტული მოლოდინების წინასწარი შეფასება უჭირს. ამბობს, რომ პესიმისტური სცენარით, ქვეყანამ, შესაძლოა, ტურისტული შემოსავლების მეოთხედი დაკარგოს, თუმცა, საბოლოო ზარალიანობა, მისივე თქმით, მხოლოდ მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
"ადრე უფრო მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტი ჩამოდიოდა ზამთარში და დღეს, ეს ფაქტორიც არ არის, გუდაურში ინგლისურ-გერმანული ენის მოსმენაც უცნაურად მეჩვენება უკვე, ამიტომ, თუ ასე მივუდგებით, წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება დავკარგოთ შემოსავლების 15-20%. ჩვენნაირი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, რადგან ეს პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილებსა და ხელფასების შემცირებაზე", - ამბობს ვანო ვაშაყმაძე და ამატებს, რომ დეკემბერში 10%-იანი კლება შეიძლება არაფერი დიდი ტრაგედია არ იყოს, მაგრამ 2025-ის პირველივე კვარტალი გვაჩვენებს კლებას ზამთრის ტურიზმში და ამ მაჩვენებლების ორჯერ გამრავლებით შეიძლება ვნახოთ, რა იქნება ზაფხულში, რადგან პროპორციულად შემოსავლები ასე ნაწილდება.
Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით 220 მლნ დოლარამდე შემცირდა.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს ხელისუფლება.
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის სფეროს მართვასა და სტიმულირებაზეა პასუხისმგებელი, ამტკიცებს, რომ 2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რის მტკიცებულებადაც ოფიციალურ სტატისტიკას იშველიებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან და ინდოეთიდან.
„2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310 982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 43.3%-ია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 124 335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 46.8%-ია.
ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან 2024 წელს საქართველოში 88 583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%-ია.
ზრდა არის ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გასულ წელს, აშშ-დან საქართველოში 51 728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია,”- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ ჯამში 7 368 149 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ჯამში 7 072 220 ვიზიტი შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოში ყველაზე მეტი მოგზაური - რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.