ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ განათავსონ და დააფინანსონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ევროპა მიგრაციის საკითხის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას ირჩევს.

ინიციატივა მიგრაციული პროცესების მართვის ნაწილობრივი „აუთსორსინგისკენ“ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად განიხილება, მიუხედავად კრიტიკოსების გაფრთხილებებისა, რომ მსგავსი მიდგომა სამართლებრივ და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს შეასუსტებს, წერს გამოცემა.

ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის მიხედვით, მიგრაციის მართვისთვის განკუთვნილი „ინოვაციური გადაწყვეტილებები“, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო დახმარებისა და გარე ქმედებების ფინანსური ინსტრუმენტიდან დაფინანსდეს.

წყაროების ინფორმაციით, მიგრაციული პოლიტიკის მართვაზე, ცენტრების შექმნის ჩათვლით, შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა, 20 მილიარდ ევრომდე გამოიყოს, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

როგორც Financial Times-ი წერს, გასულ თვეს ავსტრიამ შეთანხმება გააფორმა უზბეკეთთან. შეთანხმება მოიცავს „იმ პირების ტრანზიტს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დეპორტაციას ექვემდებარებიან“. მსგავსი მოლაპარაკებები აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთანაც მიმდინარეობს, თუმცა დეტალები საჯაროდ არ ხმაურდება.