ოქროს მსოფლიო საბჭოს ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ოქროს რეზერვების გაზრდას გეგმავენ.

WGC-ის კვლევაში გამოკითხული ბანკების რეკორდულმა 45%-მა განაცხადა, რომ რეზერვების შესავსებად ოქროს დამატებით მოცულობებს შეისყიდის. მხოლოდ 1% ელის მარაგების შემცირებას, ხოლო დანარჩენი ცვლილებას არ გეგმავს.

ძირითადი ტენდენციები:

  • დოლარის ჩანაცვლება: ცენტრალური ბანკების 74% ვარაუდობს, რომ მომდევნო 5 წელში რეზერვებში აშშ დოლარის წილი მნიშვნელოვნად შემცირდება. ევროსა და იუანის წილი უცვლელი დარჩება, ოქროს აქტივები კი გაიზრდება.

  • დაფინანსების წყაროები: რესპონდენტთა ნახევარი ოქროს ადგილობრივი ვალუტით შეისყიდის, ხოლო 38% - არსებული სარეზერვო აქტივების გაყიდვით.

  • საიმედო საცავები: გამოკითხულთა 57%-ისთვის ინგლისის ეროვნული ბანკი კვლავ ოქროს ყველაზე საიმედო სეიფად რჩება. მეორე ადგილზეა შიდა საცავები (49%), შემდეგ მოდის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (16%). ამავდროულად, მკვეთრად შემცირდა შვეიცარიის ეროვნული ბანკის რეიტინგი — 12%-დან 6%-მდე.

  • ლოკაციების დივერსიფიკაცია: ბანკების 7% შიდა საცავების გაფართოებას გეგმავს, ხოლო 9% — საზღვარგარეთ არსებული მარაგების დივერსიფიკაციას.

რატომ ჩქარდება ოქროს დაგროვების ტემპი?

გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, ცენტრალურმა ბანკებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალოდ 1000 ტონა ოქრო დაარეზერვეს (წლიურად). ეს ორჯერ აღემატება წინა ათწლეულის საშუალო მაჩვენებელს (500 ტონა).

მიუხედავად ფასების მაღალი ცვალებადობისა, ოქროს მიმართ ინტერესი არ ნელდება, რადგან კრიზისების დროს ის ინფლაციის ჰეჯირების, პორტფელის დივერსიფიკაციისა და კაპიტალის დაცვის საუკეთესო გარანტად რჩება.