საბერძნეთის ტურისტული ბიზნეს-ასოციაციის (SETE) კონფერენციაზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 41,6 მილიონს მიაღწია, რაც 22,4%-ით მეტია, 2023 წელთან შედარებით, როდესაც საბერძნეთში 36 მილიონზე მეტი ტურისტის ყოფნა დაფიქსირა.

ბოლო კვლევების შედეგებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ტურიზმი საბერძნეთის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფუნდამენტად რჩება, რომელიც წელიწადში მშპ-ს დაახლოებით 13%-ს უზრუნველყოფს.

ამ სფეროში საბერძნეთი აგრძელებს კონკურენციას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი და ხორვატია. ამ კონკურენციაში მას გარკვეული უპირატესობები გააჩნია, რაც, კერძოდ, გამოიხატება ბუნებრის სილამაზეში, უძველეს კულტურასა და სტუმართმოყვარეობაში. ელადის მიწაზე ვიზიტორები, ძირითადად, ჩამოდიან იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და აშშ-დან. მათზე მოდის შემოსავლის 50%-ზე მეტი.

თუმცა, აშკარა პრობლემები არსებობს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ნაკადების მართვის სფეროში. ამის მკაფიო მაგალითებია ისეთი პოპულარული მიმართულებები, როგორიცაა სანტორინი და მიკონოსი, სადაც ტურისტების გადაჭარბებული კონცენტრაცია ზეწოლას ახდენს ადგილობრივ თემებსა და ბუნებრივ რესურსებზე.

კიდევ ერთი პრობლემაა კლიმატის ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს ტურისტულ ნაკადებზე როგორც საბერძნეთში, ისე მთელ მსოფლიოში. ხანძარმა და სითბურმა ტალღებმა 2023 და 2024 წლების ზაფხულში შეაფერხა პოპულარული ტურისტული მიმართულებები. ამის გამო, იცვლება ევროპელების მიერ მოგზაურობის დაგეგმვის მეთოდები. მათი 80% ახლა დაახლოებით ასე იქცევა: ადგილების დაჯავშნამდე, ითვალისწინებენ ამინდის პროგნოზს; თავს არიდებენ ისეთ ადგილებს, სადაც ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურაა და მათ შორის შუალედურ ვარიანტს ანიჭებენ უპირატესობას; აღარ მიიჩნევენ აუცილებლად, რომ დასვენება მაინცდამაინც წყლის აქტივობებთან იყოს დაკავშირებული; ცვლიან შვებულების დროს და მას არატრადიციულ ტურისტულ სეზონებში იღებენ.

როგორ უყურებენ ბერძნები ტურიზმს

ბერძნებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ ტურიზმის ზრდის მიმართ: ერთი მხრივ, ისინი აფასებენ ქვეყნის მიმზიდველობას ვიზიტორებისთვის და ანგარიშს უწევენ ტურიზმს, როგორც ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ საყრდენს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეშფოთებას გამოხატავენ ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა გარკვეული სფეროების გადატვირთულობა ან პირიქით - საჭირო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. ისინი არ კამათობენ იმაზე, რომ ტურიზმი ქვეყნის წინსვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, უკმაყოფილონი არიან მისგან მიღებული სარგებლის არათანაბარი განაწილების გამო.

ტურიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან და სამუშაო ადგილების შექმნასთან. ამიტომ, ბერძნები აუცილებლად მიიჩნევენ ტურიზმის უფრო ეფექტურად მართვას, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების გატარების გზით, როგორიცაა ინფრასტრუქტურის სრულყოფა, ტურისტული სეზონის გახანგრძლივება, მოკლევადიანი გაქირავების დაბეგვრის და კონტროლის აუცილებლობა, ასევე გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა, რისი დეფიციტიც ცხოვრების ღირებულებას ზრდის.

წყარო: 1 არხი