ტურისტულ რეგიონებში ბინებზე დიდი მოთხოვნაა. მშენებლობების გააქტიურება კი დიდ რისკს უკავშირდება. ქვეყნის სახელგანთქმული კურორტები იერსახეს და ავთენტურობას, ფაქტობრივად, კარგავს. ამის მაგალითია ბაკურიანი, გუდაური, ბახმარო და თითქმის ყველა ზღვისპირა კურორტი, სადაც ქაოსური განაშენიანება მიდის.
საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ კურორტები მახინჯდება და ვიზუალურად განსხვავებული ტიპის კონცეფცია ყალიბდება, როგორც ურბანისტები აცხადებენ, ინერციით მიმდინარე მშენებლობებს ახლავს სხვა რისკიც, მათ შორის ეკოლოგიასთან დაკავშირებულიც და მისი უკონტროლოდ მიშვება დაუშვებელია. სწორედ ამან გამოიწვია თავის დროზე პროტესტი ბახმაროში ,,ორბი ჯგუფის" პროექტთან დაკავშირებით, რადგან მასშტაბური მშენებლობა კურორტის იესახეს ცვლის და ეკოლოგიურ რისკებსაც ზრდის.
მიუხედავად ამისა, კურორტებზე მშენებლობის ტემპი მუდმივად მატულობს. როგორც "გალტ ენდ თაგარტის" კვლევამ აჩვენა 2024 წელს ბინების გაყიდვა გაიზარდა ბაკურიანში. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში კურორტზე 352 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 51%-იანი ზრდაა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ბაკურიანში მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ჯამში 800-მდე ბინა გაიყიდა, რაც დაახლოებით 17%-იანი მატებაა წინა წელთან შედარებით. გაყიდული ბინების ჯამური ღირებულება 37 მლნ დოლარს აღემატება.
ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა მთლიანი გაყიდვების 78.6% შეადგინა. ამასთანავე, რეალიზებული ბინების 53.4% ბიუჯეტური სეგმენტიდან იყო და 1 კვ/მ-ის ფასი 1000 დოლარს შეადგენდა.
როგორც ურბანისტები აცხადებენ, კურორტებზე მრავალფუნქციური კორპუსების მშენებლობა დიდ რისკს უკავშირდება. მათი იერსახე იკარგება და არ იქნება მიმზიდველი იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენება სურთ.
კურორტებზე მასშტაბური მშენებლობების პროექტებს კატეგორიულად ემიჯნება ურბანისტი ირაკლი მურღულია, რომლიოს შეფასებითაც, განაშენიანება ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს და შედეგად რადიკალურად შეცვლილ, დამახინჯებულ კურორტებს ვიღებთ.
,,ბინებზე მოთხოვნის ზრდას დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი ფაქტორი ახლავს. ბაკურიანის მაგალითი რომ ავიღოთ, ამდენი ადამიანის მომსახურებისთვის იქ, უბრალოდ, ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ სახლების უმეტესობა კანონდარღვევით არის აშენებული. 2011 წლის რეგულაციის მიხედვით, მაღალსართულიან მსენებლობებზე ნებართვა არ გაიცემოდა. ესენი უმეტესად ადრე მიღებული ნებართვებია, თუმცა დარღვევები მაინც ხშირია. უნდა გაკეთდეს გენგეგმა და კურორტი ამ დოკუმენტის შესაბამისად განაშენიანდეს.
ამიტომ ვეწინააღმდეგებით ბახმაროს ცნობილ პროექტსაც, როცა ერთ პრეცენდენტს ვუშვებთ, მერე უკვე ამას ვერაფერი აჩერებს. ერთს თუ მისცეს უფლება, სხვას ვერ აუკრძალავენ და საბოლოოდ გამოვა ისეთი სიმახინჯე, როგორიც ბაკურიანია. თავისი მასშტაბით ამ პროექტს, ვიზუალური და ფუნქციური თვალსაზრისით, გამართლება არ აქვს - გარემოს აზიანებს, მის ტურისტულ პოტენციალს აკნინებს და სხვა", - აღნიშნა ირაკლი მურღულიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ურბანისტმა სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კურორტები განვითარებულ ქვეყნებში გენგეგმების შესაბამისად ვითარდება და ბუნების ჰარმონიას იქ ვერავინ არღვევს, როგორც ეს საქართველოში ხდება.
,,გენერალურ გეგმას იცავენ და შესაბამისად მიმდინარეობს განვითარება. სადაც შესაძლებელი არ არის, მშენებლობა იზღუდება, მერე უკვე ალტერნატიულ ტერიტორიებს მიმართავენ და ახალ ლოკაციებზე გადადიან. ჩვენთან ყველაფერი ქაოსურად ხდება, ბაკურიანში მასშტაბური მშენებლობის გამო ვერ ვითარდება მაგალითად, დიდი მიტარბი ან ციხისძირი. თუ სათანადო შეზღუდვა იქნება, სხვა ახალი კურორტები გაჩნდება და რეგიონებიც უფრო მეტად გაძლიერდებიან.
საუკეთესო მაგალითია შვეიცარია, არსებობენ ქალაქები, სადაც 4-5-სართულიანი განაშენიანებაა, მაგრამ არის საკურორტო ზონები, სადაც მცირე სახლებია და ამ წესრიგს ვერავინ დაარღვევს", - აღნიშნა ირაკლი მურღულიამ.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ მასშტაბური და მრავალფუნქციური კომპლექსები ქართული კურორტების არსებულ განაშენიანებასთან სრულიად შეუსაბამოა. ხოლო თუ როგორ არ უნდა განვითარდეს კურორტი, ურბანისტი ვასო ჯიბლაძე სწორედ ბაკურიანის მაგალითს ასახელებს და აცხადებს, რომ მისი იერსახე მთლიანად დაკარგული და დამახინჯებულია.
,,ბაკურიანში წესით, სამსართულიანზე მაღალი სახლები არ უნდა აშენებულიყო. საბოლოოდ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ სახლებს ხედები არ აქვთ, უამრავ ადგილას ,,ბეტონის ფარდებია" აღმართული, რაც ჰაერის მასებს ცირკულაციაში ხელს უშლის. ფაქტობრივად გაშლილ სივრცეს ვერ დაინახავ, რაც ყოველთვის ბაკურიანის სავიზიტო ბარათი იყო.
ზუსტად ანალოგიური მდგომარეობაა გუდაურშიც, ხოლო ზღვისპირა კურორტებზე რაც ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იქ მარტო ქალაქების იერსახე და ეკოლოგია არ არის პრობლემა, კომუნიკაციების კუთხითაც რისკებია, რადგან ასეთ დატვირთვას პატარა ქალაქები და დაბები ვერ უძლებენ, ინფრასტრუქტურა ამისთვის მზად არ არის.
როცა სამთო კურორტებზეა საუბარი, ავთენტურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არავინ ჩამოდის სამთო კურორტებზე დიდი კორპუსების სანახავად, იქ არის სიმშვიდე, ბუნებასთან მიახლოებული ჰარმონია, რასაც ბეტონის უსახური კონსტრუქციები აშკარად არღვევენ. არ შეიძლება ტურიზმთან მიმართებაში ასეთი ჩარევა, ბევრს რამეს აფუჭებს", - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ურბანისტმა.