საქართველოში საშუალო ხელფასი კიდევ გაიზარდა, თუმცა ამის პარალელურად ცნობილია, რომ ოჯახები შემოსავლის დიდ ნაწილს პროდუქციის შეძენაში ხარჯავენ, ამიტომ მოსახლეობას დანაზოგის გაკეთება უჭირს. ფულის გადადება მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მარტივია, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის კი თითქმის წარმოუდგენელი.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე კვარტალში ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2317.6 ლარამდე გაიზარდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესს სექტორში საშუალო ხელფასი 212 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატს მეორე კვარტალის საერთო საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მაჩვენებელი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 2170 ლარია, ანუ ბიზნესს სექტორში საშუალო ხელფასი საერთო საშუალო ხელფასს თითქმის 148 ლარით აჭარბებს.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგია: მსხვილი ბიზნესი - 2 466.9 ლარი; საშუალო ბიზნესი - 2 741.8 ლარი; მცირე ბიზნესი - 1 823.3 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% - საშუალოზე, ხოლო 36.7% - მცირე ბიზნესზე.
მიუხედავად იმისა, რომ საშუალო თვიური ხელფასიც გაზრდილია და დასაქმებულთა ოდენობაც, მოსახლეობისთვის მზარდი ინფლაცია პრობლემად იქცა, ამიტომ, მანამდეც და ახლაც, ქართული ოჯახების დიდი ნაწილისთვის თანხის დაზოგვა წარმოუდგენელი რამ არის, რადგან მათი შემოსავლის უდიდესი ნაწილი საკვების შეძენას ხმარდება.
როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დანაზოგის გაკეთება მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის არის შესაძლებელი, დაბალშემოსავლიანი ადამიანები კი ფულის გადადებას ვერ ახერხებენ.
„საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას თან ახლავს საშუალო თვიური ხელფასის მატება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მოვლენაა, მაგრამ საკითხი დგას შემდეგნაირად, ხელფასის მქონე ყველა ადამიანს შეუძლია თუ არა დანაზოგის გაკეთება. ჩვენ იქითკენ უნდა წავიდეთ, რომ მეტ-ნაკლებად ყველას შეეძლოს თუნდაც მცირედი დანაზოგის გაკეთება, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ხარჯებისთვის.
ბუნებრივია, რომ დღევანდელ სიტუაციაში, მართალია, საშუალო ხელფასი იზრდება, მაგრამ იგი საზოგადოების შედარებით მცირე ფენაზე ნაწილდება. საშუალო ხელფასი ყველასათვის არ იძლევა იმის საშუალება, რომ რაღაც შესამჩნევი დანაზოგი გაკეთდეს, მაგრამ მას, ვისაც აქვს გაცილებით მაღალი შემოსავალი, და მოსახლოებში ასეთი წილი არის ცოტა, ბუნებრივია, თავისუფლად შეუძლია დანაზოგის გაკეთება.
ასეთი ტენდენცია უნდა იყოს, რომ ვისაც დანაზოგის გაკეთების საშუალება არ აქვს, და მოსახლეობაში ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია, მომავალში მაინც მოახერხონ ფულის გადადება. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკის ზრდის პირობებში, თუნდაც არსებული ტენდენციის შენარჩუნებით, მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი შეძლებს დანაზოგის გაკეთებას, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ამის მიღწევა სწრაფად ვერ მოხდება", - განუცხადა „რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.
იგივეს ფიქრობს ეკონომისტთა სხვა ნაწილიც. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, შესაძლებლობა მეტად გაიზრდება და მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი მოახერხებს დანაზოგის გაკეთებას.
„პირველ რიგში, ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი იზრდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრდა ყოველწლიურად და ყოველკვარტალურად გვაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს არის იმდენად მაღალი მაჩვენებელი, რომ მოსახლეობამ შეძლოს ფუფუნებაში ცხოვრება ანდა მაღალი დანაზოგის შექმნა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვართ განვითარდება სახელმწიფო, ეკონომიკა მზარდია, გვაქვს მაღალი ზრდა და თუ ასეთი ტენდენტია გაგრძელდება, დამწრუნებული ვარ, რომ საშუალო ხელფასი უფრო მეტი იქნება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა.
განვმეორდები, რომ ეს არ არის მაღალი ხელფასი და ვერ იმას ვიტყვით, რომ ფუფუნების საშუალებას აძლევს მოსახლეობას, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად იზრდება საშუალო ხელფასი და თუ კი ტენდენცია შენარჩუნდება, რასაც თან უნდა სდევდეს ეკონომიკური ზრდა, შესაძლებლობები გაიზრდება და მოსახლეობა უფრო შეძლებს დანაზოგის გაკეთებას", - უთხრა „რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ.