საფონდო ბირჟა ტექნიკურად და ინსტიტუციურად იმ ამბიციებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ბაზრის მონაწილეებს აქვთ საქართველოში - ამის შესახებსაქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამზაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ლიკვიდობა, რადგან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში საცალო ინვესტორი  ჩართული არ არის.

"ობლიგაციების ბაზრის მექანიკა არის ის, რომ კომპანია საინვესტიციო ბანკის დახმარებით ობლიგაციებს უშვებს და შემდეგ ხდება ბირჟის გარეთ ვაჭრობა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ობლიგაციები მთლად საბირჟო ინსტრუმენტი არ არის, თუმცა ობლიგაციების ბაზარი ინახავს საფონდო ბირჟას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საინვესტიციო ბანკებს და საბროკერო კომპანიებს, რომელთა დამსახურებაც არის ეს. ობლიგაციების განვითარებულ ბაზრებს რომ შევხედოთ, დაახლოებით,ემისიების 5% ივაჭრება თვიურად. ობლიგაცია, რადგან ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტია, მეორად ბაზარზე  ბირჟაზე ვერ ექნება, ანუ აქციისგან განსხვავებით ობლიგაციას კაპიტალის ზრდის პოტენციალი არ აქვს. მიუხედავად ამისა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ობლიგაციების რაღაც ნაწილი ბირჟაზე შემოვიტანოთ. ამჟამად, ბირჟის გარეთ ხდება ვაჭრობა და ბირჟაზე უბრალოდ ამ ტრანზაქციების დაფიქსირება ხდება. 

ის პრობლემა, რაც აღვნიშნე, რომ საცალო ბაზარი არ არის ჩართული - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ვაჭრობა ბირჟაზე არ ხდება. ამავე დროს, ბირჟის მხარესაც არის პრობლემა, რომელზედაც აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის ის, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, ბირჟაზე წვდომა არის ძალიან მოუხერხებელი. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ვნერგავთ ისეთ პროტოკოლს, რომელიც საცალო ინვესტორებზე იმუშავებს, რათა მათ კომფორტი შევუქმნათ", - აცხადებს გიორგი ამზაშვილი. 

bp.ge